Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთმა დაიწყო უკრაინის საზღვრის მახლობლად გადასროლილი დამატებითი ძალების გაყვანა


რუსი ჯარისკაცები ანექსირებულ ყირიმში
რუსი ჯარისკაცები ანექსირებულ ყირიმში

რუსეთი აცხადებს, რომ დაიწყო უკრაინის საზღვრის მახლობლად აპრილის დასაწყისში გადასროლილი დამატებით ძალების გაყვანა, რაც რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ბრძანებით 1 მაისამდე უნდა დასრულდეს.
სამხედრო ძალები უნდა დაუბრუნდნენ სამხრეთ და დასავლეთ სამხედრო ოლქებში მუდმივი დისლოკაციის ადგილებს, რადგან, როგორც რუსმა მინისტრმა განაცხადა, სამხედრო წვრთნამ უკვე მიაღწია მის წინაშე დასმულ ყველა მიზანს.

„ჯარებმა მოახდინეს იმის დემონსტრირება, რომ შეუძლიათ ქვეყნის თავდაცვის საიმედო უზრუნველყოფა. ამასთან დაკავშირებით, მივიღე გადაწყვეტილება, დასრულდეს შემოწმების ღონისძიებები სამხრეთ და დასავლეთის სამხედრო ოლქებში“, - განაცხადა შოიგუმ, რომელიც 22 აპრილს პირადად ჩაფრინდა ანექსირებულ ყირიმში, სადაც სამხედრო პოლიგონ „ოპუკზე“ რუსეთის სამხედრო ძალების ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური წვრთნა გაიმართა.

რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან და ანექსირებულ ყირიმში სამხედრო ძალების თავმოყრა აპრილის პირველ კვირაში დაიწყო. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო მანევრებს უწოდებდა სწავლებას, რომლის მიზანი იყო არმიის საბრძოლო მზადყოფნის „საკონტროლო შემოწმება“. უკრაინა და მისი დასავლელი მოკავშირეები შიშობდნენ, რომ რუსეთის სამხედრო ნაწილების კონცენტრაციის ჩანაფიქრი შეიძლებოდა ყოფილიყო ახალი აგრესიისთვის მზადება.

ძალების კონცენტრაციას თან ახლდა ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის დარღვევა აღმოსავლეთ უკრაინის კონფლიქტის ზონაში. უკრაინის დამცველებისა და რუსეთის ჰიბრიდული ძალების პოზიციური ბრძოლების შედეგად ორივე მხრიდან ათზე მეტი სამხედრო და სამოქალაქო პირი დაიღუპა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ, 22 აპრილს განაცხადა, რომ უკრაინა მიესალმება საზღვრებიდან რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG