Accessibility links

site logo site logo

მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი ვარაუდობს, რომ გამოძიებას საქმეში ახალი კითხვების გაჩენა უნდა


ახალციხელი ექიმის მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება ახალი მიმართულებით მუშაობს - ეძებს აფთიაქს, რომელშიც შესაძლოა გარდაცვლილს მედიკამენტი ეყიდა. ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი, ვახო ბარამაშვილი ვარაუდობს, რომ საგამოძიებო უწყება ცდილობს ახალი კითხვები გააჩინოს და გარდაცვალების ახალი ვერსია შესთავაზოს საზოგადოებას.

როგორც ადვოკატი რადიო თავისუფლებას უყვება, მან მოკვლევით დაადგინა, რომ გამომძიებლები რამდენიმე აფთიაქში მივიდნენ და კონკრეტული მედიკამენტის შეძენაზე ფარმაცევტებს ჰკითხეს. ბარამაშვილს ბოლოს საქმის მასალები ერთი კვირის წინ გადაეცა. იქ მხოლოდ ერთი აფთიაქის თანამშრომლების გამოკითხვის ჩანაწერებია, კონკრეტული მედიკამენტის შესახებ დასმული კითხვები კი ოქმებში ასახული არ არის.

"ახლა გამოძიება მუშაობს სხვა მიმართულებით, რომლის ჩასაჭიდი მტკიცებულება საქმის მასალებში არ არის. არ არსებობს არც მოწმეთა ჩვენება. უბრალოდ, ადგა და დაიწყო მოკვლევა იმაზე, მეგიმ ორსულობის შესაწყვეტი ამბები ხო არ დალია", - ამბობს ადვოკატი.

ამ დრომდე არ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, იყო თუ არა სისხლში ნივთიერებები, რომლებიც საზიანო შეიძლება ყოფილიყო. ბარამაშვილს ეჭვებს უღრმავებს ის გარემოებაც, რომ ექსპერტიზის დასკვნის შემთხვევაშიც კი, კონკრეტული მედიკამენტის აღმოჩენა შეუძლებელი იქნებოდა, დაფიქსირდებოდა შემადგენლობა, რომელსაც სხვა მედიკამენტებიც შეიცავენ.

"არასდროს პასუხობენ ტელეფონს, როცა კრიტიკული სიტუაციაა... გამოძიებას პირველი დღიდან ვეუბნები, რომ თქვენ ხო არაფერი გაქვთ დასამალი, რატომ ქმნით ასეთ მოცემულობას, რომ აჩენთ კითხვებს - რატომ მიმალავ საქმის მასალებს; დღეს, როცა იძიებ ახალ რაღაცას [რატომ არ მეუბნები]... [ახლა ჩნდება კითხვა] ხომ არ უნდა, რომ რაღაც ვერსია ააწყოს და ამ ვერსიას დააკავშიროს [გარდაცვალება]", - ამბობს მეგი ბარამიძის ოჯახის ადვოკატი.

ამ საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალაში აისახება.

ახალციხელი ექთანი, მეგი ბაქრაძე, 19 მარტს, თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. წინასწარი მონაცემებით, მას კოვიდსაწინააღმდეგო აცრის შემდეგ, რომელიც ახალციხეში, კლინიკა „იმედში“ 18 მარტს ჩაუტარდა, სავარაუდოდ, ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა.

მეგი ბაქრაძის თბილისში გადმოყვანის შემდეგ, 19 მარტს, საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი, ლევან რატიანი, მედდის ჯანმრთელობის მდგომარეობას კრიტიკულად აფასებდა, თუმცა ამბობდა, რომ მისი მდგომარეობიდან გამოყვანისთვის "ყველაფერი გაკეთდებოდა".

მედდის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სიცოცხლის გაუფრთხილებლობით მოსპობას გულისხმობს. საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს როგორც ახალციხის, ისე თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკაში.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG