Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რამდენად შორს წავა ევროპული სოლიდარობა ჩეხეთის შემთხვევაში?


ეს კვირა ჩეხეთისთვის სეისმურად აქტიური გამოდგა და რყევები უკვე ბრიუსელშიც იგრძნობა.

ევროკავშირი და ნატო ჯერაც აანალიზებენ, თუ რა მოხდა სინამდვილეში აღმოსავლეთ მორავიაში შვიდი წლის წინ. დასკვნების გაკეთება კი ნაადრევია, მაგრამ ფაქტია, რომ დასავლეთის რეაქცია ამ დრომდე საკმაოდ სუსტია. ცხადია, ამაში როლი ითამაშა ჩეხების ორაზროვანმა პოზიციამ და ზოგი ქვეყნის უარმა, რუსეთთან საქმე სერიოზულად დაიჭიროს. მაგრამ საკითხავი ისაა, ამის მიღმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიდი გახლეჩა ხომ არ დგას.

2014 წელს ქალაქ ვრბეტიცეში, საბრძოლო მასალების საწყობში მომხდარ აფეთქებას ყველაზე მეტად რუსეთის ყოფილი აგენტის, სერგეი სკრიპალისა და მისი ქალიშვილის იულიას გაზ ნოვიჩოკით მოწამვლა გავს, რომელიც 2018 წელს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში მოხდა.

ორივე ინციდენტი ევროკავშირისა და ნატოს ტერიტორიაზე მოხდა, ორივეს უკან სავარაუდოდ ერთი და იგივე რუსი აგენტები დგანან და ორივე შემთხვევაში უდანაშაულო ადამიანები დაიღუპნენ. ბრიტანეთში - ქალი, რომელიც შეეხო სუნამოს ბოთლს, სადაც ნერვული აგენტი ინახებოდა. ჩეხეთში კი ორი მუშა, რომლებიც საწყობში მუშაობდნენ.

მთავარი განსხვავება ისაა, რომ სოლსბერიში 4 მარტს მომხდარი თავდასხმა ლამის პირდაპირ ეთერში გაშუქდა, მომდევნო კვირებში კი ტელევიზიებმა დიდი დრო დაუთმეს მის დეტალებსა და შემდეგ გაკეთებულ აღმოჩენებს. ჩეხეთში ახალი ამბები 17 აპრილს, შაბათს საღამოს გავრცელდა, რამაც სრულიად ახლებურად წარმოაჩინა მოვლენები, რომელიც უმეტესობას უკვე დავიწყებული ჰქონდა.

ისიც, რომ სკრიპალზე თავდასხმა ლონდონის შორიახლოს მოხდა, შესაძლოა ხსნიდეს , თუ რატომ დაინტერესდა მედია სოლსბერითი იმაზე გაცილებით მეტად, ვიდრე ვრბეტიცეთი. ორშაბათს, 19 აპრილს, როდესაც ევროკომისიის პრეს გუნდი მედიის კითხვებს პასუხობდა, ბევრმა იკითხა Covid-19-ის ვაქცინებისა და იმის შესახებ, თუ რას ფიქრობს ბრიუსელი ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის იდეეაზე. მხოლოდ ერთი კითხვა დაისვა პრაღაში გაკეთებულ აღმოჩენაზე, რომლის თანახმადაც მოსკოვმა თავდასხმა ბლოკის სიღრმეში განახორციელა და ევროკავშირის ორი მოქალაქე მოკლა. აქ ევროკავშირი, ნატოს მსგავსად, შაბლონური პასუხით შემოიფარგლა.

ისიც უნდა ითქვას, რომ შოკისმომგვრელი აღმოჩენიდან ხუთ დღეში ნატომაც და ევროკავშირმაც სრულფასოვანი განცხადებები გააკეთეს, აღუთქვეს რა პრაღას სოლიდარობა და ასევე “ღრმა შეშფოთება”გამოხატეს რუსეთის ქმედებებთან დაკავშირებით. ვიღაცას შეიძლება კითხვა გაუჩნდეს, რატომ დასჭირდა ორივე ორგანიზაციას ამდენი დრო ასეთ “ცხელ” ამბავზე განცხადების გასაკეთებლად, მაგრამ სოლსბერის შემთხვევაში ეს დრო კიდევ უფრო დიდი იყო - იმის გათვალისწინებითაც კი, რომ ბრიტანეთის ხელისუფლებას თავდაპირველად არც თუ ისე ბევრი საქმე ჰქონდა.

მთავარი კითხვა ახლა ისაა, რამდენი დამთხვევა იქნება ამ ორ ინციდენტს შორის. სკრიპალების შემთხვევაში, სხვა ქვეყნებს მთელი სამი კვირა დასჭირდათ იმისთვის, რომ სოლიდარობის ნიშნად რუსი დიპლომატები გაეძევებინათ. მაშინ ევროკავშირის 16-მა წევრმა 33 ადამიანი გააძევა, აშშ-მა - 60, სხვა ქვეყნებმა (ავსტრალია, კანადა, საქართველო, უკრაინა) კი ჯამში 27 დიპლომატი გააბრუნეს მოსკოვში. ნატომ ასევე გააძევა შვიდი რუსი და სამხედრო ორგანიზაციაში აკრედიტაციის მიმღებთა რაოდენობა 20 ადამიანამდე დაიყვანა. ათი თვის შემდეგ, ევროკავშირმა აქტივები გაუყინა და მის ტერიტორიაზე შემოსვლა აუკრძალა რუსეთის ორ აგენტს და რუსეთის სამხედრო დაზვერვის სამსახურის (გრუ-ს) უფროსსა და მის მოადგილეს.

Ახლა კი სლოვაკეთმა არ დააყოვნა და მალევე გააძევა ქვეყნიდან 3 რუსი დიპლომატი, ბალტიის ქვეყნებმა კი განაცხადეს რომ ერთობლივი ძალებით 4 ადამიანს გააძევებენ. არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეებში მათ სხვა ქვეყნებმაც მიბაძონ. თუმცა ჯერაც უცნობია, იქნება კი რეაქცია ისეთი მასშტაბური, როგორ სოლსბერის შემთხვევაში. Მაშინ, როგორც კი დიდმა ბრიტანეთმა დაადგინა, რომ თავდასხმის უკან რუსეთი იდგა, მან სწრაფად და ხისტად იმოქმედა მოკავშირეებისგან მხარდაჭერის მისაღებად.

ჩეხები ოდნავ უფრო ფრთხილობენ. საქმე იმანაც არია, რომ ამ კვირაში ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის მეთაურმა ჯოზეპ ბორელმა განაცხადა, ჩეხეთის საგარეო საქმეთა მინისტრს ევროკავშირსგან რუსი დიპლომატების კოორდინირებული გაძევება არ მოუთხოვიაო. ამ უკანასკნელმა შემდეგ საპირისპირო რამ თქვა, დიახაც, კოლეგა მინისტრს ამაის განხილვა ვთხოვეო. მსგავსი მესიჯი ნატოშიც გავრცელდა, ამასთან, გაისმა მოწოდება წევრ ქვეყნებში რუსეთის ელჩების დაბარებასა და მოსკოვში ჩეხეთის საელჩოს განახევრებული შემადგენლობისთვის დახმარების გაწევის თაობაზე.

გერმანიამ და შვედეთმა უკვე გამოთქვეს მზაობა, დაეხმარონ ჩეხეთის საელჩოს. მაშინ, როდესაც სხვები, შესაძლოა, ელჩების დაბარებას დასჯერდნენ, რათა მოსკოვი გაძევებებით არ გააღიზიანონ. ყოველ შემთხვევაში, ამ ეტაპზე მაინც.

ამ უმოქმედობას დასავლელი დიპლომატები სხავდასხვაგვარად ხსნიან. ზოგი ამბობს, რომ ახლა არ არის საუკეთესო დრო დიპლომატების გასაძევებლად, განსაკუთრებით უკრაინის გარშემო არსებული დაძაბული ვითარების გათვალისწინებით და რომ აფეთქება ჩეხეთში დიდი ხნის წინ მოხდა. იმასაც ამბობენ, (თან სრულიად სამართლიანად), რომ ჩეხეთს საკუთარი პოზიცია მკაფიოდ არ დაუფიქსირებია. საგარეო საქმეთა მინისტრი შუა კვირაში შეიცვალა, პრემიერ-მინისტრმა ჯერაც ვერ გადაწყვიტა, თუ რა დაარქვას ვრბეტიცეში მომხდარ ინციდენტს, პრეზიდენტი კი ამ დრომდე დუმილს ინარჩუნებს.

უმრავლესობამ ის თქვა, რომ ვითარებას დააკვირდება და შემდგომ მოქმედებებზე მაშინღა დაფიქრდება, როდესაც მოსკოვსა და პრაღას შორის ვნებები ოდნავ ჩაცხრება. ამ დროისთვის საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ცვლილებები ჩეხეთის შიგნით მოხდება. სხვები კი, ევროკავშირისა და ნატოს რამდენიმე აღმოსავლელი წევრის გამოკლებით, რუსეთთან საქმეებს ჩვეულებრივად გააგრძელებენ. მოვლენების მსგავსმა განვითარებამ, შესაძლოა, კიდევ უფრო გაამყაროს უკვე არსებულ რწმენას იმის თაობაზე, რომ კონტინეტის დასავლეთ ნაწილს ჯერაც სხვა პრიორიტეტები და სხვაგვარი რეაქციები აქვს აღმოსავლეთთან შედარებით.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG