Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

არჩილ თალაკვაძემ პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა


არჩილ თალაკვაძე პარლამენტის თავმჯდომარის პოსტიდან გადადგა. ეს გადაწყვეტილება „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართული უმრავლესობის სხდომის შემდეგ გამოცხადდა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ გვქონდა ხანგრძლივი დისკუსია... თუმცა, საბოლოო ჯამში, ჩვენ პატივს ვცემთ არჩილის გადაწყვეტილებას და ჩვენ გაგებით მოვეკიდეთ ამ გადაწყვეტილებას", - განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

კობახიძის განმარტებით, არჩილ თალაკვაძე მუშაობას გააგრძელებს ვიცე-სპიკერის პოზიციაზე; ხოლო პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე განიხილება კახა კუჭავას კანდიდატურა.

პოსტიდან გადადგომის მიზეზი, თავად არჩილ თალაკვაძემ ასე განმარტა:

„იმის გათვალისწინებით, რომ რამდენიმეთვიანი დაძაბული მოლაპარაკებები დასრულდა შეთანხმებით, რომელშიც პარტიის თავმჯდომარესთან ერთად მე წარმოვადგენდი, ვთვლი, რომ პარლამენტში შემდგომი პოლიტიკური პროცესის სწორად წარმართვისთვის მართებული იქნება დავტოვო სპიკერის პოზიცია და ამ თანამდებობაზე წარვადგინოთ ადამიანი, რომელიც პარლამენტის მუშაობას უფრო ნეიტრალური პოზიციიდან გაუძღვება. შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება, გავაკეთოთ როტაცია.

ახლა, როდესაც პარლამენტში წარმომადგენლობითი ოპოზიცია გვყავს, ვთვლი, ჩემი ადგილი დარბაზშია, კოლეგების გვერდით და არა სპიკერის როლში", - განაცხადა თალაკვაძემ "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე.

მისი თქმით, "დიდი პატივი იყო მე-9 და მე-10 მოწვევის პარლამენტებში პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე მუშაობა" და აპირებს, გუნდთან ერთად გააგრძელოს ბრძოლა "მომავალი წარმატებისთვის".

"ჩვენ აუცილებლად მოვიპოვებთ ახალ გამარჯვებებს და უზრუნველვყოფთ ქვეყანაში პროგრესს“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG