Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეუფე სტეფანემ ტაძარი პოლიციის დახმარებით დატოვა


ჭყონდიდის მიტროპოლიტი სტეფანე სოფელ სალხინოს ღვთისმშობლის შობის ტაძრის ეზოდან პოლიციის დახმარებით გაიყვანეს. მას მხარდამჭერებმა დერეფანი გაუკეთეს და ოვაციებითა და შეძახილებით „გვიყვარხარ” გააცილეს.

ადგილზე შეკრებილი მოქალაქეების ნაწილი მედიის წარმომადგენლებს უპირისპირდებოდა. მედია გააკრიტიკა მეუფე სტეფანემაც და ჟურნალისტები ეპარქიაში მიმდინარე მოვლენების არაობიექტურ გაშუქებაში დაადანაშაულა.

„ის შუშის თვალებიც ხომ ხედავენ ამას, რომ სადაც მივედი, იმიტომ მივედი, რომ წირვა ჩამეტარებინა. შუშის თვალები შემდეგ შუშის ეკრანებზე უჩვენებენ, რომ თითქოს დაპირისპირება მოხდა მღვდლებს შორის. ვერ გავიგე, რატომ არ არის ობიექტური ინფორმაცია? თუ შუშის თვალები ხართ, გასაგებია, მაგრამ თუ ადამიანური რაღაც ხედვა გაგაჩნიათ, მიეცით ხალხს ნორმალური, გასაგები ინფორმაცია. არცერთხელ არ მივსულვარ საჩხუბრად. გამომიყვანეს, რომ სჯის თურმე“, - განაცხადა მეუფე სტეფანემ.

მან ასევე თქვა, რომ ჟურნალისტებს აღარ დაელაპარაკება, შეკითხვებს მხოლოდ წერილობით მიიღებს და წერილობით უპასუხებს.

ჭყონდიდის ეპარქიაში 2019 წელს დაწყებული დაპირისპირება და დაძაბულობა განსაკუთრებით გამწვავდა ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში.

ეპისკოპოსმა სტეფანემ, მას შემდეგ, რაც ჭყონდიდის მღვდელმთავარი გახდა, სასჯელი 20-მდე სასულიერო პირს დააკისრა. 29 მარტის განკარგულებით, მან მარტვილის წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტრის წინამძღვარი, დედა სოსანა (ბოლქვაძე) გაათავისუფლა წინამძღვრობიდან.

დაპირისპირებული სასულიერო პირები მიტროპოლიტ სტეფანეს ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილი მღვდელმთავრის, მეუფე პეტრეს მიმართ ცილისწამებაში ადანაშაულებენ და მოითხოვდნენ დაამტკიცოს, რომ პეტრე ცაავას შვილი ჰყავს.

საპატრიარქო მიტროპოლიტ სტეფანეს სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG