Accessibility links

site logo site logo

ოხანაშვილი: მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული შეთანხმების იმპლემენტაცია 


ანრი ოხანაშვილი

ამნისტიის საკითხზე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას მიმართვას პასუხობს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი. მისი თქმით, შეთანხმების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი არის ამნისტიის აქტი, რომლითაც პარტიები კისრულობენ ვალდებულებას და იღებენ პასუხისმგებლობას, რომ მაქსიმალურად ხელი შეუწყონ დეპოლარიზაციასა და ადამიანის ბედით მანიპულირებას.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამნისტია უნდა გამოიცეს. ეს მნიშვნელოვანი შეთანხმება ვინმეს ნება-სურვილზე არ არის დამოკიდებული. ნიკანორ მელიას ნებაზე არაა დამოკიდებული მისი იმპლემენტაცია”,- თქვა ანრი ოხანაშვილმა.

დეპუტატმა ილაპარაკა ამნისტიის აქტის გავრცელების თემაზე.

„ყველა პირი არის თანასწორი კანონის წინაშე. თუ ვთანხმდებით იმაზე, რომ ვინმეს შესაძლო დანაშაული უნდა ეპატიოს, პარტიებაზე მაღლა არ შეიძლება დადგეს კონკრეტული პრივილეგია თანამდებობის სახით. ამიტომ ჩვენ ან ვპატიობთ სავარაუდო დანაშაულს ნიკანორ მელიას და სხვა პირებს, თუ ეს დაუმტკიცდებათ, ან არ ვპატიობთ”, - თქვა ოხანაშვილმა.

ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

„ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG