Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პაპუაშვილი მელიაზე: თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის


შალვა პაპუაშვილი
შალვა პაპუაშვილი

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებას ეხმაურება ფრაქცია „ქართული ოცნების" წევრი შალვა პაპუაშვილი.

„დიდი ხანია ნიკა მელია, „ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“ გასული არიან რაიმე რაციონალური დამოკიდებულებისგან. მათ ჩაეშალათ მთელი დესტრუქციის მცდელობა, შედგა შეთანხმება შარლ მიშელის ინიციატივით და ახლა ცდილობენ ამ შეთანხმების აღსრულებაც ჩაშალონ, სწორედ ამის ნაწილია დღევანდელი განცხადებაც. თუკი ევროკავშირის გირაოს თანხმდება, ვერ ვხვდები თავად რატომ არ იხდის ამ გირაოს. თუკი თანახმაა, რომ გირაოთი გამოვიდეს რაღატომ ელოდება, რომ ევროკავშირმა გადაიხადოს გირაო?" - აღნიშნავს პაპუაშვილი და ამატებს - „თუკი ევროკავშირის წინადადებას თანხმდება, ეს ნიშნავს, რომ, როცა ამბობდა, რომ არ გადავიხდიო, ეს არ იყო სწორი".

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ ნიკა მელიამ სთხოვა ოპოზიციის იმ წარმომადგენლებს, რომლებმაც ხელი მოაწერეს „შარლ მიშელის დოკუმენტს" და მიმართა „ქართულ ოცნებას", გაითხოვონ ამნისტიის საკითხი და თავად კი იღებს პასუხისმგებლობას, რომ დათანხმდება ევროკავშირის მიერ შეთავაზებულ გირაოს და ამ პირობით დატოვებს ციხეს.

„ლელო"-ს გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ დოკუმენტის მოდიფიცირება შეუძლიათ მხოლოდ მედიატორებს.

27 აპრილს პარლამენტში უნდა დარეგისტრირდეს 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის კანონპროექტი, რომლის შექმნასაც ევროკავშირის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მიერ მომზადებული დოკუმენტი ითვალისწინებს. ამ დროისათვის კანონპროექტზე მუშაობა მიმდინარეობს. არ გამორიცხავენ, რომ თუ ერთ კანონპროექტზე შეთანხმება ვერ შედგა, პოლიტიკურმა პარტიებმა ერთზე მეტი კანონპროექტი წარადგინონ.

ამნისტია პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით მიღწეული შეთანხმების ნაწილია - ეს არის ერთ-ერთი გზა, რომლითაც „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ციხე უნდა დატოვოს. მმართველი პარტია აცხადებს, რომ ამნისტია უნდა გავრცელდეს ასევე სამართალდამცავებზე, რომელთაც გამოძიება უფლებამოსილების გადამეტებას ედავება.

კანონპროექტის პრინციპებზე ოპოზიციისა და ხელისუფლების წარმომადგენლებმა 25 აპრილს ჩატარებულ შეხვედრაზე იმსჯელეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ მათ განაცხადეს, რომ 20 ივნისის მოვლენების მონაწილეთა ამნისტია არ გაითვალისწინებს დანაშაულებს, რომლებიც საერთაშორისო კონვენციებითაა განსაზღვრული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG