Accessibility links

site logo site logo

სალომე ზურაბიშვილმა შეიწყალა გიორგი რურუა


საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი მიესალმება შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას. მან დაპირებისამებრ გამოსცა „მთავარი არხის" მეწილის გიორგი რურუას შეწყალების აქტი.

„ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს!“, - წერს ზურაბიშვილი „ფეისბუკის“ ოფიციალურ გვერდზე.

გარდა ამისა, პრეზიდენტი ულოცავს კახა კუჭავას პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევას და ულოცავს ყველა დეპუტატს, ვინც დღეს პირველად გამოიყენა ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი და შევიდა პარლამენტში.

გიორგი რურუას გათავისუფლების საკითხი გათვალისწინებული იყო ოპოზიციის ნაწილსა და ხელისუფლებას შორის გაფორმებული შეთანხმებით, რომელიც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის მონაწილეობით მომზადდა.

რურუა 2019 წლის ნოემბერში დააკავეს. ადვოკატების პოზიციაა, რომ მას იარაღი პოლიციამ ჩაუდო, საქმე გაყალბებულია და არანაირ მტკიცებულებებს არ ეფუძნება. რურუას ოპოზიციური პარტიები პოლიტპატიმრად მიიჩნევენ და აცხადებენ, რომ მისი გათავისუფლება იყო საარჩევნო საკითხებზე „ქართულ ოცნებასთან“ 8 მარტს მიღწეული შეთანხმების ნაწილი. ამას უარყოფენ მმართველ პარტიაში, ისევე, როგორც გიორგი რურუას პოლიტპატიმრობას.

30 ივლისს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის მოსამართლემ ვალერიან ბუგიანიშვილმა გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა გიორგი რურუას მიმართ და მას სასჯელის სახედ 4 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

სასამართლომ გიორგი რურუა დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, რაც ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენას, შენახვასა და ტარებას გულისხმობს. ამასთანავე, ბრალდებულს კიდევ ერთი ბრალი ჰქონდა წარდგენილი სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, რაც სასამართლო გადაწყვეტილების შეუსრულებლობასა და მისი შესრულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს. მოსამართლემ მოცემულ ნაწილშიც ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG