Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნიკა მელია: 99.9% მე პარლამენტში ვერ და არ შევალ 


ნიკა მელია
ნიკა მელია

„20 ივნისის საქმეზე" ბრალდებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მისთვის მიუღებელია ამნისტიის აქტის გავრცელება პოლიციელებზე. თუკი პარლამენტი ამ შინაარსის ამნისტიას მიიღებს, მელიას ფაქტობრივად გადაწყვეტილი აქვს, რომ არ შევა პარლამენტში.

„იმ პარლამენტში, სადაც მოხდება ყველა მოძალადეზე და ყველა ჯალათზე ამნისტიის გავრცელება, მე პირადად გამიჭირდება იქ შესვლა. 99.9% მე იქ ვერ და არ შევალ", - თქვა ნიკა მელიამ ციხიდან „ტვ პირველთან" სატელეფონო ინტერვიუში.

მელიამ მიხეილ სააკაშვილის განცხადებაც შეაფასა, რომელიც მისი უპირობო გათავისუფლების შემთხვევაში „ნაციონალურ მოძრაობას" პარლამენტში შესვლის რეკომენდაციას აძლევდა.

„ძალიან კარგად მესმის მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება რატომ გააკეთა. იმ დროს სწორად გააკეთა ეს განცხადდა. პარტია მივიღებთო გადაწყვეტილებასო. მე ჩემს პოზიციას გეუბნებით, იმ შემთხვევაში თუ მოძალადეებს გაათავისუფლებს პასუხისმგებლობისგან პარლამენტი (დარწმუნებული ვარ, ასე იქნება, არც მალავს „ქართული ოცნება") რა მინდა იმ პარლამენტში", - განაცხადა ნიკა მელიამ.

„შარლ მიშელის დოკუმენტზე" ხელმომწერი ოპოზიციის წარმომადგენელთა უმეტესობა დღეს, 27 აპრილს, პარლამენტში შევიდა.

„ქართული ოცნების" წარმომადგენელი, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ ამნისტია იმოქმედებს „პოლიციის რომელიმე თანამდებობის პირის მიმართ, თუკი მომავალში აღმოჩნდება, რომ მასაც ჩადენილი აქვს სამართალდარღვევა“.

„ქართული ოცნება“ აცხადებს, რომ ის შარლ მიშელის შეთანხმების ტექსტით ხელმძღვანელობს და ამნისტიის არეალის დავიწროება მიუღებელია სწორედ ამ შეთანხმებაში ჩადებული ფრაზის გამო, რომ ამნისტია შეეხება „2019 წლის 19 – 21 ივნისის პროტესტებთან დაკავშირებულ ყველა დარღვევასა და დაკავებას“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG