Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ევროპარლამენტარები რუსეთის ნავთობისა და გაზის იმპორტის შეწყვეტას და სხვა მკაცრ ზომებს მოითხოვენ


ევროპის პარლამენტის შენობა
ევროპის პარლამენტის შენობა

ევროპის პარლამენტი გამოდის წინადადებით, უკრაინაში „შეჭრის“ შემთხვევაში რუსეთი გამოითიშოს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და შეწყდეს რუსული ნავთობისა და გაზის იმპორტი, ნათქვამია რეზოლუციის პროექტში, რომლის მიღებაც 29 აპრილს არის დაგეგმილი პლენარული სხდომის შემდეგ.

რეზოლუციის მიხედვით, ევროპის პარლამენტი ხაზს უსვამს, რომ თუკი მომავალში შეიარაღებული ძალების ასეთი თავმოყრა რუსეთის ფედერაციის მიერ უკრაინაში შეჭრაში შეიძლება გადაიზარდოს, ევროკავშირმა ნათელი უნდა გახადოს, რომ საერთაშორისო სამართლისა და ნორმების ასეთ დარღვევას მაღალი საფასური მოჰყვება; ამიტომ მოითხოვს, რომ ასეთ შემთხვევებში დაუყოვნებლივ შეწყდეს რუსეთიდან ნავთობისა და გაზის იმპორტი, რუსეთი გარიცხულ იქნეს SWIFT-ის საგადასახადო სისტემიდან და რუსეთის ხელისუფლებასთან დაახლოებული ოლიგარქებისა და მათი ოჯახის წევრების ყველა აქტივი უნდა გაიყინოს და მათი ვიზები გაუქმდეს,“ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტში ლაპარაკია ჩეხეთის რესპუბლიკასა და რუსეთს შორის უკანასკნელ დღეებში გამწვავებულ ვითარებაზე, რაც გამოიწვია ჩეხეთის ხელისუფლების განცხადებამ, რომ 2014 წელს ჩეხეთის ტერიტორიაზე იარაღის საწყობის აფეთქების უკან, რომელსაც ორი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რუსეთის დაზვერვა დგას.

რეზოლუციის პროექტის მიხედვით, ევროპარლამენტი სინანულს გამოხატავს იმის გამო, რომ ბოროტმოქმედები რუსეთის სპეცსამსახურებიდან მიზეზი გახდნენ ჩეხეთის რესპუბლიკაში, ვრბეტიცეს იარაღის საწყობში აფეთქებისა, რაც ჩეხეთის სუვერენიტეტის დარღვევა და მიუღებელი მტრული აქტია; მკაცრად გმობს მოქმედებებს, რომელთა მიზანია ევროკავშირის წევრი ქვეყნების დესტაბილიზაცია და მათ მიმართ მუქარა და მოუწოდებს რუსეთს, შეწყვიტოს ნებისმიერი მსგავსი ქმედება, პასუხი აგებინოს დამნაშავეებს და კომპენსაცია გადაუხადოს იმ მოქალაქეთა ოჯახებს, რომლებიც 2014 წლის თავდასხმისას დაიღუპნენ...“- ნათქვამია დოკუმენტში.

ამასთან, ევროპარლამენტარები ევროკავშირს მოუწოდებენ იხელმძღვანელონ სკრიპალის საქმის მაგალითით და დაიწყონ რუსეთის დიპლომატების კოორდინირებული გაძევება.

გარდა ამისა, რეზოლუცია ევროკავშირს მოუწოდებს, შეწყდეს „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს რუსეთის გაზის გერმანიაში ტრასპორტირებას ბალტიის ზღვის ფსკერზე გამავალი მილსადენით.

ევროპის პარლამენტი მოითხოვს, რომ ევროკავშირმა შეამციროს რუსეთის ენერგომატარებლებზე დამოკიდებულება და ამიტომ ევროკავშირის ინსტიტუტებსა და ყველა წევრ ქვეყანას მოუწოდებს, შეწყვიტონჩრდილოეთის ნაკადი 2“-ის მილსადენის დასრულება და მოითხოვონროსატომისსადავო ბირთვული ელექტროსადგურების მშენებლობის შეწყვეტა,“ ვკითხულობთ რეზოლუციის პროექტში.

დოკუმენტი შეიცავს ასევე რუსეთისადმი ევროპარლამენტართა მოთხოვნას, შეწყვიტოს სამხედრო ძალების უკანონო კონცენტრაციის [პრაქტიკა], რაც მეზობლების დაშინებას ისახავს მიზნად“.

დოკუმენტში ასევე ლაპარაკია კორუფციასთან დაკავშირებული დანაშაულებებისთვის სანქციების რეჟიმის შემოღებაზე და მასში „რუსი ოლიგარქების“ შეყვანაზე.

დოკუმენტი ევროკავშირსა და მის წევრ ქვეყნებს მოუწოდებს, დაემყაროს ბრიტანულ საკანონმდებლო ინიციატივას გლობალური ანტიკორუფციული სანქციების რეჟიმის თაობაზე და სხვა მსგავს რეჟიმებს და მიიღოს ევროკავშირის ანტიკორუფციული სანქციების რეჟიმი, რათა შეავსოს ევროკავშირის ადამიანის უფლებების გლობალური სანქციების რეჟიმი; ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები აღარ უნდა მიესალმებოდნენ რუსულ სიმდიდრესა და ინვესტიციებს, რომელთა წარმომავლობა ბუნდოვანია; მოუწოდებს [ევროპის] კომისიას და [ევროპულ] საბჭოს, გააძლიეროს მცდელობა, ევროკავშირის შიგნით შემცირდეს კრემლის სტრატეგიული ინვესტიციები, რომლებიც დემოკრატიული პროცესებისა და ინსტიტუტებისთვის ძირის გამოთხრას და კორუფციის გავრცელებას ისახავს მიზნად; კვლავაც გამოდის მოწოდებით, რომ ისეთმა წევრმა ქვეყნებმა, როგორებიც არიან კვიპროსი, ბულგარეთი და მალტა, უნდა შეწყვიტონოქროს პასპორტისრეჟიმები,“ ნათქვამია რეზოლუციის პროექტში.

სხვა საკითხებთან ერთად დოკუმენტი შეიცავს მოწოდებას, გამოძიებულ იქნეს „მალაიზის ავიახაზების“ თვითმფრინავის (რეისი MH17) ჩამოგდების გარემოებები, რაც „შესაძლოა სამხედრო დანაშაულს წარმოადგენდეს“ და გამოდის მოწოდებით, დამნაშავეები სასამართლოს გადაეცენ.

ევროპის პარლამენტის რეზოლუციას მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათი აქვს და მას ევროკავშირისთვის არა აქვს კანონის ძალა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG