Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს თავდაცვის ძალები 30 წლისაა


დღეს საქართველოს თავდაცვის ძალები აღნიშნავს დაარსებიდან 30-ე წლისთავს. საიუბილეო ღონისძიება გაიმართა ვაზიანში, IV მექანიზებულ ბრიგადაში. ცერემონიის დაწყებამდე წუთიერი დუმილით მიაგეს პატივი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლაში და საერთაშორისო სამშვიდობო მისიების შესრულებისას დაღუპულ ქართველ სამხედროებს.

თავდაცვის ძალების დაარსებიდან 30-ე წლისთავი მოქმედ სამხედროებს და ვეტერანებს მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ და თავდაცვის მინისტრმა. ცერემონიას ესწრებოდა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარე, ავიაციის მარშალი სტიუარტ პიჩი.

"დღევანდელი დღე საერო დღესასწაულია და ის მთელ საქართველოს აერთიანებს. ქართული ჯარი არის ერთიანი, აპოლიტიკური, ქვეყნის და მისი ხალხის ერთგული და ამდენად ერთიანობის უდიდესი მაგალითი", - განაცხადა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

თავდაცვის ძალების სამხედროებს და ვეტერანებს ქვეყნის სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმაც. მისი სიტყვებით, "ქართული ჯარი არის ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისა და თავისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი და ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი სიმბოლო".

პრემიერ-მინისტრი სამხედროებს დაჰპირდა, რომ გაგრძელდება და გაძლიერდება თავდაცვის ძალების განმტკიცება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა, შეიარაღების მოდერნიზება და სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის ღირსეული სოციალური პირობების შექმნა.

თავდაცვის ძალებს 30 წლის იუბილე მიულოცეს საქართველოს მეგობარი ქვეყნების ელჩებმა.

1991 წლის 24 აპრილს საქართველოს მინისტრთა კაბინეტმა გამოსცა წვევამდელთა სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის განკარგულება. გაწვევა 30 აპრილს დაიწყო და ეს დღე გახდა საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსების ათვლის წერტილი.

თავდაცვის შესახებ საქართველოს კანონით, ქვეყანას თავდაცვის ძალები ჰყავს დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, აგრეთვე საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებულ შემთხვევებში თავდაცვასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სხვა ამოცანებისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესასრულებლად.

საქართველოს თავდაცვის ძალები პოლიტიკურად ნეიტრალური და შეიარაღებული სამხედრო ინსტიტუტია, რომელიც საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებს აუცილებელ და პროპორციულ სამხედრო და სხვა სახის ღონისძიებებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG