Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ცხინვალში ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელს სცემეს


ცხინვალი
ცხინვალი

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გიორგი ტოტჩიევს სცემეს. ინციდენტი სასტუმრო „ირისტონ"-თან მოხდა. დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტრო იტყობინება, რომ თავდასხმაში ბრალდებულია 34 წლის კაცი, ცხინვალის მცხოვრები უკვე დაკავებულია და დაწყებულია გამოძიება. „შინაგან საქმეთა სამინისტროში შემოვიდა გიორგი ფელიქსის ძე ტოტჩიევის განცხადება, რომ მას ფიზიკური დაზიანება მიაყენეს. გიორგი ტოტჩიევი სამხრეთ ოსეთის ჯანდაცვისა და სოციალური განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელია. დაზარალებულმა აღნიშნა, რომ მას დაზიანებები ცხინვალის მცხოვრებმა, 34 კაცმა მიაყენა", - განაცხადეს დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროში. საგამოძიებო მასალები კი უკვე გადაეცა პროკურატურას.

ნაცემი ტოტჩიევის ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გავრცელდა.

რადიო თავისუფლების ცხინვალელი წყაროს ცნობით, მინისტრი ცხინვალის მცხოვრებმა გარი გაბარაევმა სცემა. ის წარსულში სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი იყო. წყაროს ცნობით, ცემის დროს გაბარაევი მინისტრს უყვიროდა: ხალხი იხოცება და შენ ცოცხალი როგორ ხარო. ცოტა ხნის წინ გარი გაბარაევის დედა ადგილობრივ საავადმყოფოში გარდაიცვალა, ის კი ამ ფაქტს ექიმების და მთლიანად დე ფაქტო ჯანდაცვის სისტემას აბრალებს.

ოკუპირებული რეგიონის ჯანდაცვის სისტემა რთულ მდგომარეობაშია, იქ ექიმების და მაღალხარისხიანი მომსახურების დეფიციტია, ამიტომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტს პაციენტები ხშირად თბილისის სხვადასხვა კლინიკებში სამკურნალოდ გადმოჰყავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG