Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე "სინოფარმის" ვაქცინით აიცრა


ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრა დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე. მან ვაქცინა თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, მედიის წარმომადგენელთა თანდასწრებით, პირდაპირ ეთერში გაიკეთა.

ამირან გამყრელიძეს კორონავირუსული ინფექცია გასული წლის დეკემბერში დაუდასტურდა. შესაბამისად, უკვე გასულია 4-თვიანი ვადა, რომლის შემდეგაც ვაქცინაცია შესაძლებელია.

საქართველოში დღეიდან, 4 მაისიდან დაიწყო იმუნიზაცია ჩინური „სინოფარმის“ ვაქცინით. მისი გაკეთება შეუძლიათ 18 წელს ზემოთ მოქალაქეებს.

საქართველომ „სინოფარმის“ ვაქცინის 100 000 დოზა 3 აპრილს მიიღო. ვაქცინაციისთვის მოქალაქეთა რეგისტრაცია 27 აპრილს დაიწყო. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 27 აპრილიდან დარეგისტრირდა 17 613 მოქალაქე.

მწარმოებლის თანახმად, „სინოფარმის“ ვაქცინის ეფექტიანობა 79%-ია. არაბთა გაერთიანებულმა საამიროებმა, რომელიც რამდენიმე თვეა „სინოფარმს“ იყენებს, განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ვაქცინამ 86%-იანი ეფექტიანობა აჩვენა. ევროკავშირის ქვეყნებიდან „სინოფარმი“ აღიარებული აქვს უნგრეთს. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის თანახმად, ამჟამად „სინოფარმის“ ვაქცინას იყენებენ 45-მდე ქვეყანაში.

საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო. დღემდე მიმდინარეობდა 55 წელზე უფროსი ასაკის მოქალაქეების და სამედიცინო სფეროს წარმომადგენელთა ვაქცინაცია ამერიკულ-გერმანული „ფაიზერის“ და ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას“ ვაქცინებით.

3 მაისის მდგომარეობით, საქართველოში აცრილია 45 344 ადამიანი. მათგან „ფაიზერის“ ორივე დოზა გაკეთებული აქვს 6064-ს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG