Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ივერი მელაშვილის ადვოკატები პარლამენტში საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვენ


"კარტოგრაფების საქმის" ბრალდებულის, ივერი მელაშვილის დაცვის მხარეს აქვს ინიციატივა, შეიქმნას პარლამენტში დროებითი საგამოძიებო კომისია, რომელიც შეისწავლის საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესს. დამოუკიდებელი საგამოძიებო კომისიის შექმნას 50 პარლამენტის წევრის ხმა სჭირდება და მისი შემადგენლობის არანაკლებ ნახევარი უნდა იყოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული. კომისიის შექმნის იდეას მხარს უჭერს თავად ივერი მელაშვილიც. ამ დროისთვის უცნობია, აიღებს თუ არა ოპოზიცია საკუთარ თავზე კომისიის შექმნის მოთხოვნას. დროებითი საგამოძიებო კომისიების შექმნის მიზანი, არსებული კანონმდებლობით, უნდა იყოს სახელმწიფო ორგანოებისა და თანამდებობის პირების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების გამოკვლევა და შესაბამისი რეაგირება.

"ოპოზიციას, რომელიც უკვე შევიდა პარლამენტში და რომელიც დიდი ალბათობით ასევე შევა, შეუძლია ამ კომისიის შექმნა და საზოგადოებისთვის ღიად, პირდაპირ ეთერში ჩვენება, რა ხდება აზერბაიჯანთან საზღვრის დელიმიტაციის საკითხებზე დამოუკიდებლობის მოპოვებიდან - დღემდე.

ამ გზით პასუხი გაეცემა ყველა კითხვას და საზოგადოებაც კარგად დაინახავს, ვინ იბრძვის და იბრძოდა საქართველოსთვის და ვინ პირიქით, ვინ არის მართლა პატრიოტი და ვინ - მოღალატე.

ბევრს შერცხვება ივერი მელაშვილის თვალებში შეხედვის იმ მორალური ტერორის გამო, რომელსაც უდანაშაულო ადამიანს დღეს უწყობენ. ზოგს იმიტომ, რომ თავად არის ამ ტერორის უნებლიე მონაწილე და ზოგს იმიტომ, რომ საკუთარი დუმილით უშვებს ამ ტერორს. ხოლო, ამ სიბინძურის ავტორებს, არაფრის არ შერცხვებათ, რადგან მათ სირცხვილის გრძნობა საერთოდ არ გააჩნიათ. ამიტომ, მათთვის იარსებებს მხოლოდ ერთი პასუხი - კანონი", - ამბობს გიორგი მშვენიერაძე, ივერი მელაშვილის ადვოკატი.

ივერი მელაშვილი "კარტოგრაფების საქმის" ერთ-ერთი ბრალდებულია. ამ საქმეზე გამოძიება, საქმის მასალების მიხედვით, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრის და გამოძიების დაწყების მომენტისთვის თავდაცვის მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიმართვის საფუძველზე დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. საქმის მასალებიდანვე ირკვევა, რომ პროცესში ჩართული იყო "ქართული ოცნების" ყოფილი თავმჯდომარე, ბიძინა ივანიშვილი - სწორედ მისი დავალებით ჩამოიტანა საქმის მნიშვნელოვანმა მოწმემ, დავით ხიდაშელმა რუსეთის არქივებიდან კარტოგრაფიული მასალა, რაც მტკიცებულებების სახით არსებობს სისხლის სამართლის საქმეში. არასამთავრობო სექტორი გამოძიების პარალელურად საუბრობდა იმაზე, რომ საქმე პოლიტიკურად იყო მოტივირებული, რის ეჭვსაც ამტკიცებდა მისი წარმოების დრო, რაც საპარლამენტო არჩევნების წინა პერიოდს დაემთხვა და მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ამ საქმესთან დაკავშირებით. სახალხო დამცველმა "კარტოგრაფების საქმეში" ევროკონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა, პოლიტიკური მოტივი, დაადგინა, რაც იმას ნიშნავს, რომ მართლმსაჯულება არა მართლმსაჯულების, არამედ პოლიტიკურ ინტერესს ემსახურებოდა. საქმე გაგზავნილია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოშიც.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG