Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გაბუნია: კოვიდ-19-ის დღევანდელი გაზრდილი სტატისტიკა სააღდგომო დღესასწაულებზე დაგროვილ შემთხვევებს ასახავს


საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კოვიდ-19-ის მესამე ტალღის პიკი მაისის შუა რიცხვებშია მოსალოდნელი. მისივე განმარტებით, შესაბამისად, შემთხვევების რაოდენობის ზრდა მოსალოდნელია, თუმცა გასული 24 საათის მომატებული სტატისტიკა არ ასახავს „ჭეშმარიტ მაჩვენებლებს“:

„ეს არის დაგროვილი შემთხვევები. სააღდგომო დღესასწაულების პერიოდში არ მოხდა მათი გამოვლენა და ანგარიშგება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, რა თქმა უნდა, ზრდის ტენდენცია შესაძლებელია და მაისის შუა რიცხვები არის განსაზღვრული, რომ იქნება პიკური მაჩვენებელი“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

სამთავრობო საიტ stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, ბოლო 24 საათში ჩატარებული 27 648 ტესტირებიდან გამოვლენილია კორონავირუსის 2171 შემთხვევა. 5 იანვრის შემდეგ ეს შემთხვევათა ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

გასული დღე-ღამის განმავლობაში 1074-ით გაიზარდა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი, გარდაიცვალა 24 ადამიანი.

2020 წლის 26 თებერვლიდან, როცა საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი ფაქტი დადასტურდა, სულ აღრიცხულია 315 913 შემთხვევა. მათგან 296 532 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 4 207 ადამიანი.

24 საათში ერთხელ აღრიცხული ახალი შემთხვევების და გარდაცვალების ოფიციალური სტატისტიკა მაისში:

1 მაისი - ახალი შემთხვევა 1147(ტესტი 20129). გარდაცვლილი 20;

2 მაისი - ახალი შემთხვევა 988(ტესტი 13752). გარდაცვლილი 21;

3 მაისი - ახალი შემთხვევა 509(ტესტი 7476). გარდაცვლილი 12;

4 მაისი - ახალი შემთხვევა 788(ტესტი 9790). გარდაცვლილი 20;

5 მაისი - ახალი შემთხვევა 2171(ტესტი 27 648). გარდაცვლილი 24.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG