Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა სასამართლომ პატიმრობაში დატოვა


ქობულეთში გარდაცვლილი 14 წლის ნინის ბაბუა სოლომონ ცეცხლაძე სასამართლომ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა არ დააკმაყოფილა ბრალდებულის ადვოკატის შუამდგომლობა 20 ათასი ლარი გირაოს სანაცვლოდ მისი დაცვის ქვეშ მყოფის გათავისუფლების შესახებ.

5 მაისს ბათუმის საქალაქო სასამართლოში ქობულეთში გარდაცვლილი გოგოს საქმეზე არსებითი განხილვა უნდა გამართულიყო, თუმცა მოსამართლე დავით მამისეიშვილმა მხოლოდ პატიმრობაზე იმსჯელა, პროცესი კი გადაიდო, რადგან საქმის ძირითადი მოსამართლე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მას ვერ ესწრებოდა.

5 მაისს წინასასამართლო სხდომა ჩატარდა ამავე საქმეში ბრალდებული 23 წლის ნიკა ტაკიძის საქმეზე. მას ბრალი წარდგენილი აქვს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით (115-ე და 140-ე). კაცს გამოძიება მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანას და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევას ედავება. ნიკა ტაკიძესთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი დახურული იყო, რადგან საქმე ეხება არასრულწლოვანს.

საქმე შემდეგ ეტაპზე არსებითი განხილვისთვის გადაეცა სასამართლოს.

14 წლის ნინი, ქობულეთში, 9 თებერვალს, ბაბუამ იპოვა გარდაცვლილი. 21 აპრილის მონაცემებით, საქმეზე ორი პირია დაკავებული. 23 წლის კაცი და გარდაცვლილის 76 წლის ბაბუა.

ბაბუას ბრალი წარდგენილი აქვს წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით. გამოძიების ვერსიით, „ბრალდებულმა თავისი არასრულწლოვანი შვილიშვილის მიმართ მუქარა და ძალადობა განახორციელა. 2006 წელს დაბადებულმა მოზარდმა მიმდინარე წლის 9 თებერვალს თვითმკვლელობა ჩაიდინა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG