Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

Bellingcat-ი: ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა დააწინაურეს და ისინი კრემლისთვის მუშაობენ


ანატოლი ჩეპიგა (მარცხნივ) და ალექსანდრ მიშკინი (ჩეხეთის პოლიციის მიერ გავრცელებული პოტოები).
ანატოლი ჩეპიგა (მარცხნივ) და ალექსანდრ მიშკინი (ჩეხეთის პოლიციის მიერ გავრცელებული პოტოები).

რუსეთის სამხედრო დაზვერვის ოფიცრები, ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი არიან გრუ-ს ყოფილ თანამშრომელზე, სერგეი სკრიპალზე და მის ქალიშვილზე თავდასხმაში და რომლებიც ჩეხეთის ხელისუფლების მიერ ეჭვმიტანილი არიან სოფელ ვრბეტიცეში აფეთქების ორგანიზებაში, დააწინაურეს და ამჟამად ისინი კრემლისთვის მუშაობენ. ამის შესახებ განაცხადა საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფ Bellingcat-ის წარმომადგენელმა, ბულგარელმა ჟურნალისტმა ხრისტო გროზდევმა.

მას არ დაუზუსტებია, კერძოდ რას აკეთებენ კრემლში მიშკინი და ჩეპიგა ან საიდან მოეპოვება Bellingcat-ს ეს ინფორმაცია, მაგრამ თქვა, რომ უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებს დეტალებს. „ყველაფერი, რის თქმაც შემიძლია, არის ის, რომ ისინი ჯანმრთელად არიან, ახალი სამსახური აქვთ და სახელმწიფოს სამსახურში იმყოფებიან, ვინაიდან ჯაშუშებად მუშაობა აღარ შეუძლიათ,“ აღნიშნა გროზდევმა და დასძინა, რომ 2014 წელს გრუ-ს ოფიცრებს რუსეთის გმირის წოდება მიენიჭათ ჩეხეთსა და ბულგარეთში ჩატარებული ოპერაციებისთვის.

მიშკინი და ჩეპიგა უკანასკნელად 2018 წლის სექტემბერში გამოჩნდნენ საჯაროდ, როცა ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის სახელით წარდგნენ მაყურებლის წინაშე ტელეარხ Russia Today-ის ეთერში და ინტერვიუში თქვეს, რომ სერგეი და იულია სკრიპალების მოწამვლასთან საერთო არაფერი აქვთ. გრუ-ს თანამშრომლები ასევე ამტკიცებდნენ, რომ დიდი ბრიტანეთი მხოლოდ და მხოლოდ ტურისტული მიზნებით მოინახულეს.

გრუ-ს ყოფილი პოლკოვნიკი სერგეი სკრიპალი და მისი ქალიშვილი იულია 2018 წლის მარტში მოწამლეს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში. მათ წინააღმდეგ გამოყენებულ იქნა საბრძოლო დანიშნულების ქიმიური შხამი „ნოვიჩოკი“, რომელიც აკრძალულია საერთაშორისო კანონით. ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ სკრიპალები გამოჯანმრთელდნენ. ბრიტანელი გამომძიებლების თანახმად, თავდასხმაში ეჭვმიტანილი არიან რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ქვეყნის ტერიტორიაზე შევიდნენ ალექსანდრ პეტროვისა და რუსლან ბოშიროვის პასპორტებით. Bellingcat-ი და მისი პარტნიორები მიიჩნევენ, რომ ეს არიან გრუ-ს ოფიცრები ალექსანდრ მიშკინი და ანატოლი ჩეპიგა.

2021 წლის აპრილში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა ანდრეი ბაბიშმა რუსეთის სამხედრო დაზვერვას ოფიციალურად დასდო ბრალი ჩეხეთის სოფელ ვრბეტიცეში 2014 წლის ოქტომბერში აფეთქების მოწყობაში. ჩეხეთის სპეცსამსახურების თანახმად, ოპერაციასთან შესაძლოა კავშირი ჰქონდეთ გრუ-ს მაღალი რანგის ოფიცრებს, მათ შორის - ალექსანდრ მიშკინსა და ანატოლი ჩეპიგას.

მოგვიანებით ბულგარეთის პროკურატურამ დაიწყო გამოძიება მიშკინისა და ჩეპიგას, ასევე რუსეთის სხვა მოქალაქეების სავარაუდო კავშირზე ბულგარეთში აფეთქებების სერიის მოწყობასთან. უწყების ვერსიის მიხედვით, თავდასხმების სამიზნე იყო საბრძოლო მასალა, რომელიც საქართველოსა და უკრაინაში გასაგზავნად იყო განკუთვნილი. ამ ინფორმაციის თანახმად, დივერსიული აქტები ტარდებოდა 2011-დან 2020 წლამდე. უფრო ადრე იტყობინებოდნენ, რომ გრუ-ს თანამშრომლებს შესაძლოა კავშირი ჰქონოდათ იარაღით მოვაჭრე ბიზნესმენ ემელიან გებრევზე თავდასხმასთან.

რუსეთი უარყოფს მისი მოქალაქეების კავშირს აფეთქებებთან და თავდასხმებთან.

XS
SM
MD
LG