Accessibility links

site logo site logo

ინდოეთის 3 შტატი და 3 ამბავი პანდემიაზე 


ინდოეთში, კორონავირუსის გამწვავებული სიტუაციის გამო, ყველა შტატმა შეზღუდვები ინდივიდუალურად დააწესა.

ყველგან განსხვავებული სურათია - ზოგს უჭირს, ზოგს კიდევ უფრო ძალიან. საავადმყოფოებში ადგილი არ არის, ექიმებს არ ჰყოფნით სასუნთქი ჟანგბადი, ვაქცინები, ტესტები და სხვა სამედიცინო პრეპარატები და ინვენტარი, ინფიცირებულთა რიცხვი კი არ კლებულობს. ინდოეთის სხვადასხვა შტატის მცხოვრებლები რადიო თავისუფლებასთან თავიანთ რეგიონში სიტუაციის გაუარესებაზე საუბრობენ და აღწერენ, რა ხდება ნიუ დელიში, უტარ-პრადეშსა და რაჯასტანში.

უტარ-პრადეში და ნია ნაყეურის ამბავი

29 წლის ნია ნაყეური სწორედ ინდოეთის ჩრდილოეთში 200 მილიონ უტარ - პრადეშის შტატის შედარებით პატარა რაიონში, ჯანსიში, ცხოვრობს, სადაც მილიონზე მეტი მოსახლე და 100-მდე საავადმყოფოა, რომლებშიც ადგილები თითქმის არ არის. ნიას მეუღლე, ჯიბრან მოჰამედი, კერძო კლინიკაში მუშაობს, რომელიც, ბოლო რამდენიმე კვირაა, შემთხვევების მატებასთან ერთად კოვიდმიმღებად გადაკეთდა. აქამდე თერაპევტს ახლა ყოველდღიურად კოვიდპაციენტების მიღება უწევს. ნიას თქმით, მას ყოველდღიურად ჟანგბადის ბალონების გამოძებნა უხდება, რომ პაციენტებს დაეხმარონ.

ნია ნაყეური და ჯიბრან მოჰამად
ნია ნაყეური და ჯიბრან მოჰამად

ჯანსიში და მთლიანად უტარ-პრადეშში მყოფი ხალხი კორონავირუსსა და შეზღუდვებით გამოწვეულ უმუშევრობას ერთდროულად ებრძვის. გასულ კვირას აქ ლოკდაუნი გამოცხადდა და სახლიდან გასვლის უფლება ხალხს კვირაში მხოლოდ რამდენიმე საათით აქვს, როდესაც მცირე ხსნით სასურსათო მაღაზიებს ხსნიან. აფთიაქში მხოლოდ 9 საათამდე თუ შევა ვინმე, 9-ის მერე ქალაქში არავინ უნდა დადიოდეს, წესის დარღვევის შემთხვევაში კი ჯარიმა 5000 რუპიაა (დაახლოებით, 235 ლარი). „თვალს ხუჭავენ“ ისეთ ადამიანებზე, რომელთაც ყოელდღიური თანხის გამოსამუშავებლად გარეთ გასვლა უწევთ, მაგალითად, მანქანებით მოსიარულე პროდუქტების გამყიდველებზე, რომლებიც სახლებთან მიდიან და პროდუქციას ყიდიან.

უტარ-პრადეშში ლოკდაუნი 1 თვეს გასტანს. რეგულაციების დაცვა და მკაცრი კონტროლი ბოლო ხანებში დაიწყეს, სწრაფად შეცვლილი ეპიდემიოლოგიური სურათის გამო. როგორც ნია ამბობს, ჯერ კიდევ იანვარში ინდოეთი „ჩვეული რიტმით ცხოვრობდა”.

„მაშინ, როცა პირველი ტალღა გადავლილი ჰქონდათ, ეგონათ, რომ პანდემია დაამარცხეს. იანვარში საქართველოდან რომ ჩამოვედი, ფესტივალებზე, დღესასწაულებზე, დიდ თავყრილობებზე ნიღბები არავის ეკეთა.

აქ ვისაც ვიცნობ, უმეტესობა ერიდება საავადმყოფოში წასვლას, არ აღიარებენ, რომ კოვიდი აქვთ, გაციებას იმიზეზებენ, ხოლო როცა მიდიან, უკვე ჟანგბადზე დამოკიდებული ხდებიან და რთული მდგომარეობა აქვთ. თუ არის სიკვდილიანობა, ძირითადად იმიტომ, რომ ხალხი აგვიანებს მისვლას საავადმყოფოში“.

ინდოეთში დღეში საშუალოდ 400 000-ზე მეტი ადამიანი ხდება ავად კორონავირუსით, ქვეყანაში დაფიქსირებული ინფიცირების შემთხვევა 20 მილიონს აჭარბებს, გარდაცვლილი კი 230 ათასზე მეტია.

ნიუ-დელი, ინდოეთი
ნიუ-დელი, ინდოეთი

როგორც რადიო თავისუფლებას საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ამჟამად საქართველოს ორი მოქალაქეც წევს კორონავირუსის დიაგნოზით ქალაქ დელის ერთ-ერთ საავადმყოფოში, სადაც მკურნალობისთვის საკმარისი რესურსი აქვთ და ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია მათი მდგომარეობა.

ოჯახის წევრი დაკარგეს ნიას ოჯახშიც. კორონავირუსის გამო მისი დედამთილის ჯანმრთელობა ძალიან სწრაფად გაუარესდა და 68 წლის ქალის გადარჩენა ვერ შეძლეს.

„ადგილები სერიოზული პრობლემაა. მაგალითად, სადაც ჩემი ქმარი მუშაობს, ერთი ადამიანიც ვეღარ დაწვება. ახლა აშენებენ საველე ჰოსპიტლებს, რადგან საწოლების რაოდენობა დიდ დეფიციტშია, თუმცა რომ ვადარებ, საქართველოშიც, მახსოვს, ნოემბერში რომ ვიყავი, მეც და დედასაც კორონა გვქონდა, 5 დღე ვრეკავდი 112-ში, რომ ადგილი მოეძებნათ და დედა საავადმყოფოში გადაეყვანათ“.- გვიყვება ნია,

ინდუსები, რელიგიური წესის მიხედვით, გარდაცვლილებს წვავენ. ასე იყო პანდემიამდეც და პანდემიის დროსაც, თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ გარდაცვლილების რიცხვმა იმატა, ზოგიერთი შტატის შემოგარენში მოწყობილია სივრცე გარდაცვლილთა კრემაციისთვის, რასაც დიდი ინტერესით აშუქებს საერთაშორისო მედია.

ნიუ - დელი, ინდოეთი.
ნიუ - დელი, ინდოეთი.

„ისე ნამდვილად არ არის, რომ ქუჩაში გახვალ და ყველა კუთხეში გვამები ყრია და ხალხი თავის მიცვალებულებს წვავს. უბრალოდ, დაემატა ღია სივრცეები კრემაციისთვის. გარდაცვლილი კი მაქსიმუმ 2-3 პროცენტი თუ იქნება. უბრალოდ, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყნის მასშტაბი დიდია, დანაკარგიც მასშტაბური გამოდის“, - ამბობს ნია.

რაჯასტანი და მილი შარმას ამბავი

რატომ მოხდა ასეთი აფეთქება? - ამ კითხვაზე რამდენიმე პასუხი აქვს მილი შარმას. ის თბილისში სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტია და, თითქმის ერთი წელია, პანდემიის გამო ვერ ჩადის მშობლიურ რაჯასტანში, ამიტომ მოვლენებს საქართველოდან ადევნებს თვალს.

„პირველი პრობლემა ის არის, რომ ხალხი დაიღალა პირველი ლოკდაუნით და ამიტომ ლოკდაუნის წესებს არღვევენ. ზოგს ფინანსურად ისე უჭირს, რომ სახლში 1-2 თვე ვერ დაჯდება, ამიტომ სახელმწიფოც ვერ აცხადებს სრულ ლოკდაუნს, რადგან ვერ გადაუხდის სახლში დარჩენილებს თანხას”, - ამბობს მილი და განაგრძობს: „ამას დაემატა ადგილობრივი არჩევნები დიდ შტატებში, სადაც საარჩევნო კამპანიების დროს პოლიტიკოსების მოსასმენად მილიონობით ადამიანი იკრიბებოდა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა იყო, პანდემიის შეზღუდვების მიუხედავად, მდინარე განგთან შეკრებილი მილიონობით ადამიანი ქუმბხა მელას დღესასწაულზე“.

კორონავირუსის გავრცელების ფონზე ქუმბხა მელას ფესტივალი ინდოეთში 11 აპრილი 2021 წელი
კორონავირუსის გავრცელების ფონზე ქუმბხა მელას ფესტივალი ინდოეთში 11 აპრილი 2021 წელი

უშუალოდ რაჯასტანში, სადაც 80 მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური იყო ასევე ფერმერების აქცია, რომელსაც არაერთმა ცნობილმა ადამიანმა დაუჭირა მხარი. მათ შორის ინდოეთში იყო ჩასული მომღერალი რიანაც. ასიათასობით ადამიანი აპროტესტებდა ახალ აგრარულ კანონს.

ამ მოვლენებმა გამოიწვია ახალი აფეთქებები და ვირუსის გავრცელება, მაშინ როცა თითქოს კლებისკენ წავიდა ინფიცირებულთა რიცხვი.

რაჯასტანში, როგორც მილი ამბობს, ერთ-ერთი ყველაზე მაღალია ინფიცირების რიცხვი. 702 568 ადამიანია ავად, 5182 კი გარდაიცვალა.

მილი შედარებით მშვიდადაა, რადგან ბებია-ბაბუა უკვე აცრილები არიან, მშობლები კი რიგში დგანან. მისი ოჯახი “კოვიდშილდით” აიცრა. ეს არის ინდოეთის სერუმის ინსტიტუტის მიერ გამოშვებული ოქსფორდ-ასტაზენეკას ვაქცინა, რომელიც ეფექტიან ვაქცინად ითვლება ინდური შტამის მიმართ. მილი დარწმუნებულია, რომ აცრების შემდეგ მის ახლობლებს კორონა რომც შეხვდეთ, ბევრად იოლად გადაიტანენ.

ქვეყანაში მიმდინარე ამბებს მილი ოჯახის წევრებისგან და საინფორმაციო გამოშვებებიდან იღებს. ამასთან ერთად, დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს იმ პროფესიის გამო, რომელსაც covid-19-ისგან ხალხის გადარჩენა უწევს.

“რთულია იმის ყურება, რაც ახლა ხდება, მაგრამ ამ პროფესიაში მოსულებმა ვიცით, რა შეიძლება გველოდებოდეს ასეთ დროს. რამდენადაც შეიძლება მეშინოდეს, იმდენად მამოტივირებელია ჩემთვის მივიღო სწორი გადაწყვეტილებები და გავაკეთო ის, რასაც სხვა ვერ აკეთებს”, - ამბობს მილი.

ნიუ-დელი და ანა ჯიტუ ჯერომის ამბავი

დანაკარგი მეტად მასშტაბურია ინდოეთის დედაქალაქ ნიუ დელიში, სადაც 30 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, ინფიცირებულთა მაჩვენებელი კი მილიონს აჭარბებს. მილიონზე მეტია გამოჯანმრთელებულიც, თუმცა ყოველდღიურად ათასობით ადამიანი უჟანგბადობით, დაგვიანებული მიმართვიანობისა თუ სხვა მიზეზით იღუპება. ნიუ დელიში გარდაცვლილთა რაოდეობა 18 000-ს აჭარბებს.

ანა ჯიტუ ჯერომი
ანა ჯიტუ ჯერომი

ანა ჯიტუ ჯერომიც თბილისში მედიცინის ფაკულტეტზე სწავლობს, მისი დედა კი ნიუ დელის საავადმყოფოს მთავარი ექთანია და ყოველდღიურად ებრძვის პანდემიას. იმის გამო, რომ ანა, როგორც თავად ამბობს, საქართველოს საზღვრიდან ისე გამოაბრუნეს, რომ არც დოკუმენტები შეუმოწმებიათ და არც მოუსმენიათ მისთვის, ახლა ინდოეთში რჩება და დისტანციურად აგრძელებს სწავლას. იმის გამო, რომ სახლიდან გასვლა არ შეუძლია, ამბებს დიდწილად დედისგან და მედიით იგებს.

ანა ამბობს, რომ ხალხს გარეთ გასვლის ეშინია. ვირუსის მეორე ტალღა გაცილებით უარესია, ვიდრე პირველი, რადგან ვირუსის მუტაციის შედეგად ასაკოვან ადამიანებთან ერთად უამრავი ახალგაზრდაა ინფიცირებული, ჟანგბადის ბალონები კი ყველას არ ჰყოფნის.

„დედაჩემის უამრავი კოლეგა გარდაიცვალა კოვიდით. ყოველდღე გვიან მოდის და ვუყურებ, როგორი მძიმეა მდგომარეობა.

მედია სახელმწიფოს აბრალებს არსებულ ვითარებას, გარდაცვლილთა ოჯახები ექიმებს ადანაშაულებენ ახლობლების დაკარგვაში. დანაკარგის მზარდი სტატისტიკა დიდ ტრავმას აყენებს მოსახლეობას.

არ ვიცი, ვის დავაბრალო - სახელმწიფოს თუ ხალხს, რომელსაც პირველი ტალღის მერე არ ეგონა, რომ ვირუსი დაბრუნდებოდა, თუ იმ ხალხს, რომელიც უარს ამბობდა პირბადის ტარებაზე და მსუბუქად უყურებდა ვირუსს, თუ იმათ, ვინც ვაქცინა არ გაიკეთა იმის გამო, რომ გვერდითი ეფექტის შეეშინდა”, - ამბობს ანა.

ინდოეთი, ნიუ - დელი, კრემატორიუმი 5 მაისი 2021 წელი
ინდოეთი, ნიუ - დელი, კრემატორიუმი 5 მაისი 2021 წელი

„სწრაფი ზრდის მასშტაბი ვერავინ შენიშნა. როდესაც წინა ტალღას წარმატებით გავუმკლავდით, გვეგონა, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვნად დავამარცხეთ. როცა შემდეგი აფეთქების ნიშნები დავინახეთ, მასშტაბი და ინტენსივობა ჯერ აშკარა არ იყო“, - განაცხადა ინდოეთის მთავრობის მთავარმა სამეცნიერო მრჩეველმა კრიშნესვამი ვიჯერაგავანმა.

ანას თქმით, დელის ქუჩები თითქმის მკვდარია და, ფაქტობრივად, არავინ მოძრაობს, რადგან მხოლოდ სამედიცინო პერსონალს აქვს გადაადილების უფლება. პროდუქტებს ონლაინ უკვეთენ, სასწრაფო კი გამოძახებისას ინფიცირებულების სახლთან მიდის. შესაძლებელია ტაქსის გამოძახებაც სასწრაფოში ან ეროპორტში მისასვლელად შიდა ფრენებისთვის.

„თუმცა, როდესაც საავადმყოფოს უახლოვდები, სურათი სხვანაირია. სიწყნარე ტირილით იცვლება, ხალხი საწოლისა და ჟანგბადის ბალონებისთვის იბრძვის. ვაქცინაციის მსურველების გრძელი რიგი დგას“

რიგი ვაქცინის მისაღებად
რიგი ვაქცინის მისაღებად

.ინდოეთი თვითონაა ვაქცინის უდიდესი მწარმოებელი, რომელსაც ექსპორტზე გაჰქონდა ვაქცინა, თუმცა ახლა დეფიციტის გამო მარტიდან შეწყვიტა ექსპორტი, რასაც მთელ მსოფლიოში მოჰყვა დეფიციტი.

ახლა თავად ინდოეთი იღებს სხვა ქვეყნების დახმარებას. რუსეთმა sputnik v შესთავაზა და ინდოელები კოვიდშილდსა და კოვაქსინთან ერთად მალე სპუტნიკითაც აიცრებიან. ამერიკამ, გერმანიამ და ბრიტანეთმა, ასევე რამდენიმე სხვა ქვეყანამ, ინდოეთში კოვიდ-19-ის ტესტერები, ჟანგბადის ნიღბები, დამცავი სამედიცინო აღჭურვილობა, ვაქცინების კომპონენტები და სხვა საჭირო სამედიცინო ნივთები გაგზავნეს.

უბრალოდ, ძალიან დავიღალე. ხომ წარმოგიდგენიათ, მთელი ქვეყანა როგორ იტანჯება. მინდა, რომ ეს მალე დამთავრდეს და დავინახო ჩემი ქვეყანა ისეთი, როგორიც ადრე იყო“, - გვეუბნება ინდოეთში მყოფი ანა ჯიტუ ჯერომი, მედიცინის ფაკულტეტის მე-6 კურსის სტუდენტი. იმედოვნებს, რომ შემდეგ ჯერზე, როცა საერთაშორისო ფრენები აღდგება უკან არ გამოაბრუნებენ და შეძლებს საქართველოში ჩამოსვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG