Accessibility links

site logo site logo

მიტროპოლიტმა ანტონმა მთავარი არხის ჟურნალისტს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა


ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა ანტონმა "მთავარი არხის" ჟურნალისტს ირაკლი ვაჩიბერაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და ეპარქიაში მისვლა აუკრძალა. შემთხვევის შესახებ ტელეკომპანიამ კადრები გაავრცელა. კადრებში ჩანს, რომ მიტროპოლიტი ჟურნალისტს აგრესიულად ესაუბრება, შემდეგ მიკროფონს ღრუბელს აძრობს, ისვრის და ჟურნალისტს ფიზიკურად ეხება, ყელში სწვდება.

ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ინფორმაციით, შემთხვევა, რომელიც გადაცემაში „მთავარი შაბათს“ გაშუქდა, 7 მაისს მოხდა მაშინ, როდესაც ტელეკომპანიის გადამღები ჯგუფი ჟურნალისტურ საქმიანობას ასრულებდა.

მომხდართან დაკავშირებით ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ გახშირდა ძალადობრივი ინციდენტები „მთავარი არხის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ, რაც მიზანმიმართულ ხასიათს ატარებს:

„სამწუხაროა, რომ ამ კამპანიაში აქტიურად არიან ჩართული ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის დაბალი თუ მაღალი იერარქიის წარმომადგენლები. კიდევ უფრო სამწუხარო და საგანგაშოა, რომ საქართველოს საპატრიარქო არათუ არ რეაგირებს მსგავს ფაქტებზე, არამედ ამართლებს და ამგვარად ახალისებს სასულიერო პირების მხრიდან დანაშაულის ნიშნების შემცველ ქმედებებს ჟურნალისტების წინააღმდეგ.

მთავარი არხი მოითხოვს, რომ შესაბამისმა სახელმწიფო უწყებებმა მოახდინონ მყისიერი და ადეკვატური რეაგირება ზემოთ აღნიშნულ ძალადობის და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე, და ასევე მის წინმსწრებ ძალადობრივ თავდასხმაზე და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელშეშლის ფაქტზე ჩვენს ჟურნალისტ ნინუცა კეკელიაზე და ოპერატორ ირაკლი კვარაცხელიაზე. აქამდე სახელმწიფოს მხრიდან რეაგირება ამ და სხვა შემთხვევებზე პრაქტიკულად ნულოვანია და სწორედ ეს გვაფიქრებინებს, რომ ამ კამპანიის მთავარი წამქეზებელი, თუ არა ორგანიზატორი, არის მოქმედი ხელისუფლება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

ტელეკომპანია მოითხოვს აღიკვეთოს მიზანმიმართული ძალადობრივი კამპანია "მთავარი არხის" წინააღმდეგ და ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაშ ხელის შეშლა.

"ხელისუფლებამ იმოქმედოს სეკულარული სახელმწიფოს პრინციპებით და კანონის შესაბამისად დასაჯოს ყველა პირი, განურჩევლად მისი რელიგიური კუთვნილებისა თუ თანამდებობრივი ან იერარქიული მდგომარეობისა“, - აღნიშნულია განცხადებაში.

დაპირისპირებას "მთავარი არხის" გადამღები ჯგუფის წინააღმდეგ ადგილი ჰქონდა 4 მაისსაც დავით გარეჯშიც, სადაც ჯგუფი გადაღებაზე "კარტოგრაფების საქმის" ბრალდებულთან ივერი მელაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ივერი მელაშვილსა და "მთავარი არხის" გადამღებ ჯგუფს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე თავს სასულიერო და საერო პირები დაესხნენ. ინციდენტის დროს ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და კამერა დაუზიანეს. შსს-მ აღნიშნულ საქმეზე გამოძიება 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG