Accessibility links

site logo site logo

ზურაბ დათუნაშვილმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია გაინაღდა


ზურაბ დათუნაშვილი. 2019 წ.

ტოკიოს ოლიმპიურ თამაშებზე, ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში, 87 კილოგრამ წონით კატეგორიაში ორი ქართველი ჩაებმება მედლისთვის ბრძოლაში. მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლაშა გობაძე ხალიჩაზე საქართველოს დროშის ქვეშ გავა, ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი კი სერბეთის სახელით იჭიდავებს. გობაძემ ოლიმპიადის საგზური რამდენიმე კვირის წინ მოიპოვა, ბუდაპეშტში გამართულ სალიცენზიო ტურნირზე. დათუნაშვილმა კი დღეს გაინაღდა ლიცენზია, სოფიაში ჯერ კიდევ მიმდინარე შეჯიბრზე, ფინალში გასვლით.

ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის ნაკრებში 2020 წლის დასაწყისში გადავიდა, საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტ თამაზ გეგეშიძესთან დაპირისპირების გამო. 2019 წლის 11 იანვარს, თბილისის სპორტის სასახლეში გამართულ საქართველოს ჩემპიონატზე, გეგეშიძემ მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

ახლახან, დათუნაშვილი მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი, ოღონდ ამჯერად სერბეთის სახელით. დღეს კი, სოფიის სალიცენზიო ტურნირზე, ოთხი შეხვედრა ჩაატარა, ოთხივე მოიგო და ოლიმპიური ნორმატივიც შეასრულა. ნახევარფინალში მან საქართველოდან წასულ კიდევ ერთ სპორტსმენს - რუსეთის ნაკრების წევრ დავით ჩაკვეტაძეს აჯობა.

ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ივლის-აგვისტოში გაიმართება და საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებს ექვსი ოთხი მონაწილე ეყოლება: რამაზ ზოიძე (67 კგ), ლაშა გობაძე (87 კგ), გიორგი მელია (97 კგ) და იაკობ ქაჯაია (130 კგ). ბოლო ორი ლიცენზიისთვის ბულგარეთში დათო ჩხარტიშვილი (60 კგ) და ბაკურ გოგოლი (77 კგ) იბრძოდნენ, მაგრამ ფინალში გასვლა ვერ შეძლეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG