Accessibility links

site logo site logo

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ში გარდამტეხი მომენტია კოვიდ-19-ის მართვაში


კორონავირუსის კონტროლთან დაკავშირებულ სიტუაციაში ამერიკის შეერთებულ შტატებში გარდატეხის მომენტი დგება და ქვეყნის ჯანდაცვის ორგანოები ფოკუსირებულები არიან იმაზე, რომ მეტი ადამიანი აცრან, - განაცხადა კვირას თეთრი სახლის კოვიდ-19-თან ბრძოლის საგანგებო ჯგუფის კოორდინატორმა ჯეფ ზიენცმა.

”შემიძლია ვთქვა, რომ სიტუაცია გამოსწორდა.” - თქვა მან CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში.

ენტონი ფაუჩი, აშშ-ის მთავარი ინფექციონისტი კი აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის დასახული გეგმის შესრულების შემთხვევაში, ვირუსის გავრცელების მნიშვნელოვანი ზრდა ნაკლებად სავარაუდოა:

”რაც უფრო მაღალია ვაქცინირებული მოსახლეობის წილი, მით უფრო ნაკლებია ალბათობა იმისა, რომ მომდევნო სეზონებზე, მაგალითად შემოდგომაზე ან ზამთარში ვირუსის გავრცელება მნიშვნელოვნად გაიზარდოს“, - თქვა ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა ენტონი ფაუჩიმ NBC– ზე.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გასულ კვირაში განაცხადა, რომ მისი ახალი მიზანია 4 ივლისისთვის ამერიკის მოსახლეობის 70 პროცენტს კოვიდ 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზა მაინც ჰქონდეს გაკეთებული. ამას გარდა, პრეზიდენტი, რომელმაც პანდემიის დაძლევა თავისი ადმინისტრაციის პრიორიტეტად აქცია, მიზნად ისახავს ასევე, რომ ქვეყნის დამოუკიდებლობის დღისთვის, 4 ივლისისთვის სრულად იყოს აცრილი 160 მილიონი ზრდასრული ადამიანი. როგორც თეთრი სახლის კოვიდ-19-თან ბრძოლის საგანგებო ჯგუფის კოორდინატორმა ჯეფ ზიენცმა მედიასთან განაცხადა, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსზე ვაქცინაცია ამერიკელების 58 პროცენტს აქვს ჩატარებული. პარასკევს, კოვიდ-19-თან დაკავშირებით შექმნილ თეთრი სახლის საგანგებო ჯგუფის სხდომაზე მან თქვა, რომ ამ ეტაპზე სრულად ვაქცინირებულია 110 მილიონი ამერიკელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG