Accessibility links

site logo site logo

თბილისის მერია ნაგვის დამყრელთა გამოსავლენად ფოტოხაფანგებს ყიდულობს


თბილისის მერია ნაგვის დამყრელი პირების გამოსავლენად 30 ცალ ფოტოხაფანგს ყიდულობს. ტექნიკის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია და მისი ჯამური სავარაუდო ღირებულება 75 ათასი ლარია.

როგორც თბილისის მერიაში რადიო თავისუფლებას უთხრეს, ფოტოხაფანგები იმ ადგილებზე დაყენდება, სადაც მოქალაქეები ხშირად აბინძურებენ ტერიტორიას.

შესაძენად მოთხოვილია მაღალი გარჩევადობის ფოტოხაფანგები. შეძენილ ტექნიკას უნდა შეეძლოს მანქანის სანომრე ნიშნების დღისით და ღამით აღქმა, უნდა იღებდეს მაღალი გარჩევადობის კადრებს (ვიდეო - არანაკლებ 720P HD; ფოტო - 720 x 2048 ან უკეთესი), იწერდეს ხმას. გარდა ამისა, უნდა მუშაობდეს -20-დან +50 გრადუს ტემპერატურამდე, აღქმა უნდა შეეძლოს არანაკლებ 30 მეტრიდან და დაცული იყოს ქურდობისგან სპეციალური კოდით.

"აღნიშნულ ფოტოხაფანგს დღე/ღამის პირობებში უნდა შეეძლოს არანაკლებ 80კმ/სთ-მდე სიჩქარით მოძრავი ავტომანქანის სანომრე ნიშნის გარკვევით გადაღება ხარვეზების გარეშე", - ვკითხულობთ სატენდერო დოკუმენტში.

თბილისში გარემოს დანაგვიანებისთვის საჯარიმო ქვითარს მუნიციპალური ინსპექციის სამსახური წერს, მისი მოცულობა კი 80 ლარიდან 6000 ლარამდე მერყეობს და დამოკიდებული მოცულობაზე, ნაგვის შიგთავსზე და დამნაგვიანებლის სტატუსზე (კომპანიაა თუ მოქალაქე).

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG