Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გარდაიცვალა პოეტი, გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი


64 წლის ასაკში გარდაიცვალა პოეტი, გარემოს დამცველი ნუგზარ ზაზანაშვილი.

მან 1980 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ფიზიკური გეოგრაფიის სპეციალობით.

პარალელურად სწავლობდა ხელოვნებათმცოდნეობის მეორეულ ფაკულტეტზე და აქტიურად მონაწილეობდა ახალგაზრდა მწერალთა წრის მუშაობაში.

სტუდენტობის პერიოდში მუშაობდა ბოტანიკის ინსტიტუტში, რომელსაც ნიკო კეცხოველი ხელმძღვანელობდა. 80-იანი წლებიდან ჩაბმული იყო ეკოლოგიურ მოძრაობაში.

90-იანი წლების დასაწყისიდან, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის პროგრამის დაარსების დროიდან, თანამშრომლობდა ამ ორგანიზაციასთან. იყო ამ პროგრამის ერთ-ერთი ხელმძღვანელი. მისი კოორდინაციითა და უშუალო მონაწილეობით განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი, მათ შორის, დაცული ტერიტორიების განვითარების მიმართულებით. არის მრავალი სამეცნიერო, სამეცნიერო-პოპულარული და ლიტერატურული პუბლიკაციის ავტორი.

სამეცნიერო ინტერესების სფეროები: კავკასიის ბიომრავალფეროვნების კონსერვაცია და მდგრადი გამოყენება, დაცული ტერიტორიები, ლანდშაფტმცოდნეობა / ლანდშაფტის ეკოლოგია, ბიოგეოგრაფია, მცენარეულობის ეკოლოგია და კარტოგრაფირება. ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი, გარემოს დამცველი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - „ცენტრალური კავკასიონის მაღალმთის ეკოლოგიურ-გეობოტანიკური კარტოგრაფირება“, დაიცვა 1986 წელს.

მისი უკანასკნელი პოეტური კრებულის სახელწოდებაა „წავა წავა წავა“. ლექსების პირველი წიგნი „ასეთი დროა“ 1998 წელს გამოიცა; კრებული „გაუგზავნელი წერილებიდან“ „საბა 2006“-ის ნომინანტია. „ცის“ 2010 წელს გამოქვეყნდა, „მექანიკური როიალი“ კი - მეოთხე კრებულია, ის 2017 წელს გამოიცა.

ასევე ნახეთ: ნუგზარ ზაზანაშვილის თავისუფლების დღიურები

XS
SM
MD
LG