საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში გაცილებით მეტ ადამიანს უნდა აცრა, ვიდრე შესაძლებლობაა. მისი თქმით, ამიტომ საჭიროა, პროცესს უფრო ინტენსიური ხასიათი მიეცეს.
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს 11 მაისის სხდომის დასრულების შემდეგ ამირან გამყრელიძემ მედიასთან განმარტა, რომ ამ მიმართულებით იმუნიზაციის საბჭო იმსჯელებს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა „ასტრაზენეკას“ სამომხმარებლო ასაკის დაწევა და „სინოვაკის“ ადმინისტრირების დაწყება. რაც შეეხება ამცრელ ბრიგადებს, მისი თქმით, ამ ეტაპზე პროცესში 100 სამედიცინო დაწესებულების 161 ბრიგადაა ჩართული და უახლოეს მომავალში მათი რაოდენობის გაზრდა იგეგმება:
„გვინდა, რომ თვის ბოლოსთვის ავიდეთ 161-დან 200 ბრიგადამდე. თითო ბრიგადა მინდა იანგარიშოთ, რომ აკეთებს დღეში ნორმალურად 42-დან 50-მდე აცრას და აქედან გადამრავლებული მერე ეს სიმძლავრე იქნება, ხოლო ივნისის ბოლოსთვის დაახლოებით 300 მაინც უნდა იყოს ეს ბრიგადა, რომელიც მერე უკვე ივლისში აიყვანს 15 000-მდე აცრას დღეში. ასეთია ჩვენი გეგმა, მაგრამ, რა თქმა უნდა, ამას უნდა მოჰყვებოდეს ვაქცინის შესაბამისი მარაგი“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ. მისი თქმით, უკვე დადასტურებულია, რომ ივნისის ბოლომდე ქვეყანას მთლიანობაში 358 000 დოზა ვაქცინა ექნება, საიდანაც 68 000-მდე დოზა უკვე ათვისებულია.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის თანახმად, 11 მაისის მონაცემებით, საქართველოში 67 136 აცრაა ჩატარებული, აქედან სრულად აცრილია 11 504 ადამიანი.