Accessibility links

site logo site logo

ბიბილოვმა ახალი ე.წ დემარკაცია-დემილიტიზაციის კომისია დაამტკიცა


უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გამგზავრებამდე, დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ე.წ სახელმწიფო სადემარკაციო კომისია დაამტკიცა, რომელსაც საქართველოსთან საზღვრების დადგენა ევალება.

დოკუმენტი დე ფაქტო პრეზიდენტის ვებსაიტზე გამოქვეყნდა. კომისიის შემადგენლობაში შევიდნენ, როგორც დე ფაქტო პარლამენტის წევრები, ისე აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები. დოკუმენტში წერია, რომ კომისია იქმნება სახელისუფლებო ორგანოების შეთანხმებული მოქმედებებისთვის. ე.წ სადემარკაციო კომისიის თავმჯდომარედ დამტკიცებულია, დე ფაქტო პარლამენტის წევრი გარი მულდაროვი, რომელმაც ბიბილოვის ბრძანებულების მიხედვით, დე ფაქტო პრეზიდენტს ერთი თვის ვადაში უნდა წარუდგინოს ე.წ სახელმწიფო კომისიის მოქმედების პროექტი.

ბიბილოვის ბრძანებულების მიხედვით გაუქმებულია 2017 წლის დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც შეიქმნა სამთავრობო კომისია, „საქართველოსთან საზღვრის დემარკაცია-დემილიტიზაციის საკითხებში“. ახალი, ე.წ. დემარკაცია-დემილიტიზაციის კომისია მუშაობას დაახლოებით ერთ თვეში დაიწყებს, თუმცა საოკუპაციო ძალები რეგიონში „ბორდერიზაციის“ პროცესს ყოველდღიურად აგრძელებენ. დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებმა როგორც ჟენევის, ისე ერგნეთის შეხვედრების ფორმატში საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს სადამარკაციო- სადემილიტაციო ერთობლივი კომისიის შექმნა შესთავაზეს.

საქართველოს ხელისუფლების პოზიციაა, რომ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონები ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ და საქართველოს სუვერენიტეტი და საზღვრები გაერო-ს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ უკვე აღიარებულია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG