Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავიცერი - რა შემიძლია და რა არა 


ბევრი ფიქრობს, რომ აცრის შემდეგ მყისიერად დაუბრუნდება ნორმალურ ცხოვრებას - მოიხსნის ნიღაბს, წავა წვეულებებზე და ჩაეხუტება მონატრებულ ნათესავებსა და მეგობრებს, თუმცა რეალურად ყველაფერი ცოტა უფრო რთულადაა და აცრის შემდეგაც ნორმალურ ცხოვრებასთან დაბრუნება სწრაფად ვერ მოხდება. სანამ კოლექტიურ იმუნიტეტს გამოვიმუშავებთ, აცრილებს მაინც მოუწევთ უსაფრთხოების წესების დაცვა.

გავიკეთე ვაქცინა, ე.ი. უკვე მაქვს იმუნიტეტი?

ადამიანის ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება იწყება პირველი დოზის გაკეთებიდან 2-3 კვირაში, თუმცა მთავარი, რაც უნდა დაიმახსოვროთ, ისაა, რომ აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის გაკეთება და კიდევ ორი კვირა იმისთვის, რომ ორგანიზმმა ანტისხეულები სრულად გამოიმუშაოს. სხვანაირად ინფიცირების რისკი ისევ მაღალია.

შეიძლება თუ არა, რომ ვაქცინირებული ადამიანები შეხვდნენ ერთმანეთს?

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის, CDC-ის, რეკომენდაციით, შესაძლებელია, თანაც პირბადის გარეშე, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ხართ ორივე დოზით ვაქცინირებული და მიდიხართ ახლობლების ვიწრო წრეში, სადაც ყველა დანარჩენსაც ვაქცინის ორი დოზა აქვს გაკეთებული.

შეიძლება სრულად აცრილი ოჯახი შეხვდეს აუცრელებს შენობის შიგნით ნიღბების გარეშე?

ვაქცინირებულს ასევე შეუძლია პირბადის გარეშე შეხვდეს აუცრელ ახლობელს, რომელიც ჯანმრთელია და არ არის კოვიდ 19- ით ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ.

მაგრამ ვინაიდან ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია არ არის სახარბიელო და შეიძლება აუცრელი კოვიდინფიცირებული იყოს და უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს ვირუსული დაავადება, გვირჩევენ, რომ არ მოვიხსნათ პირბადე არც გარე და, ასეთ შემთხვევაში, არც დახურულ სივრცეში.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი ამირან გამყრელიძე: „ისეთი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, არ უნდა გათამამდნენ და უნდა ატარონ პირბადე, 2 დოზა ვისაც აქვს გაკეთებული, იმათაც”.

შეუძლიათ თუ არა ვაქცინირებულებს გაავრცელონ ვირუსი?

ინფექციონისტები ამბობენ, რომ 100-პროცენტიანი დაცვა არაფერს აქვს. შესაბამისად, გარდა იმისა, რომ ვაქცინირებულიც შეიძლება დაინფიცირდეს, არ არის დაზუსტებული, რამდენად უსაფრთხო შეიძლება იყოს ვაქცინირებული სხვა ადამიანისთვის.

მაგალითად, თუ თქვენი ბებია არ არის აცრილი, მისი უსაფრთხოებისთვის ჯობია კომუნიკაციისას პირბადე მაინც გეკეთოთ, მიუხედავად იმისა, რომ აცრილი ხართ.

სად არ შეიძლება პირბადის მოხსნა?

საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ორჯერადად ვაქცინირებულებისთვისაც ჯერ არ შეიძლება პირბადის მოხსნა, რადგან უცნობია, როგორია გარშემომყოფების ჯანმრთელობის სტატუსი. შესაბამისად, მაღალია დაინფიცირების შანსიც.

არაერთი შეღავათია იმ ქვეყნებში, სადაც მოსახლეობის მეტი წილი 2 დოზით უკვე ვაქცინირებულია. მაგალითად, ისრაელში, სადაც მოსახლეობის 57% აცრილია, შეგიძლიათ პირბადის გარეშე ისეირნოთ, რა თქმა უნდა, თქვენც თუ ვაქცინირებული იქნებით.

ისრაელი, აპრილი 2021
ისრაელი, აპრილი 2021

და როდის მოვიხსნით პირბადეს?

შეიძლება ითქვას, რომ პირბადეს საკმაო ხანს უნდა შევეგუოთ, რადგან, როგორც ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, მას მაშინ მოვიხსნით, როცა მოსახლეობის სულ მცირე 60 % მაინც იქნება აცრილი.

შევძლებ მოგზაურობას?

გარდა იმისა, რომ 2 დოზით აცრილებისთვის მოგზაურობაა შესაძლებელი, სრულად ვაქცინირებულებს შეუძლიათ სხვა ქვეყნებში კარანტინის გარეშე შევიდნენ. გააჩნია, რამდენად მაღალი რისკის ქვეყნიდან მივფრინავთ ან მოვფრინავთ.

მაგალითად, რისკის შემცველად ითვლება ინდოეთი, საიდანაც ჩამოსულებს კარანტინის გავლა მაინც მოუწევთ.

სამედიცინო მანიპულაციები თუ შემიძლია ჩავიტარო?

ვაქცინირებულისთვის ექიმთან ვიზიტი, ყველანაირი გამოკვლევა და ოპერაცია შეიძლება გაკეთდეს, როცა გნებავთ, რადგან 2 დოზით ვაქცინაციის შემდეგ ადამიანი უფრო დაცულია ინფიცირებისაგან, ვიდრე ვაქცინაციამდე იყო.

კიდევ რისი გაკეთება იქნება შესაძლებელი?

ვაქცინაციის საბჭო განიხილავს მწვანე კოვიდპასპორტებსაც და კომენდანტის საათის დროს გარკვეულ შეღავათებს, თუმცა კონკრეტულად რა და როგორ იქნება, მინისტრის მოადგილის ინფორმაციით, ფართომასშტაბიან ვაქცინაციასთან ერთად უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.

  • 16x9 Image

    ანი ბურდული

    ანი ბურდული არის რადიო თავისუფლების ჟურნალისტი 2016 წლიდან.

XS
SM
MD
LG