Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჰამასმა სამშაბათს 130 რაკეტა ესროლა ისრაელს, არის მსხვერპლი


სამშაბათს საღამოს სამხედრო დაჯგუფება ჰამასმა ისრაელის ტერიტორიას 130-ზე მეტი რაკეტა ესროლა. მედია იტყობინება მსხვერპლის შესახებ, მაგრამ მათი ზუსტი რიცხვი არ არის დაზუსტებული.

როგორც იტყობინებიან, ერთ-ერთი რაკეტა მოხვდა ავტობუსს, რომელიც რეისს ასრულებდა თელ-ავივის გარეუბანში.

იერიშის გამო დროებით შეწყვიტა მუშაობა ბენ გურიონის აეროპორტმა. შენობიდან ევაკუაციას უტარებენ ხალხს, თელ-ავივიში მიმავალ რეისებს კი კვიპროსისკენ შეუცვალეს მარშრუტი.

საერთო ჯამში ისრაელის ტერიტორიას 600-ზე მეტი რაკეტა ესროლეს. მათი დიდი ნაწილი დაიჭირა სისტემა „რკინის გუმბათმა“, მაგრამ რამდენიმე რაკეტამ მიზანს მიაღწია. იერიშებისთვის პასუხისმგებლობა იკისრეს რადიკალურმა დაჯგუფებებმა ჰამასმა და „ისლამურმა ჯიჰადმა“.

თავის მხრივ ისრაელის არმიამ პალესტინელთა 100-ზე მეტი სამიზნის წინააღმდეგ განახორციელა იერიში. პალესტინური მედია იტყობინება, რომ დაიღუპა ორ ათეულზე მეტი ადამიანი, მათ შორის ბავშვები. ისრაელის მხარე ამტკიცებს, რომ დამიზნებით ესროდა რადიკალური დაჯგუფებების ობიექტებს. მათი ნაწილი საცხოვრებელი სახლების გვერდით მდებარეობდა.

რეგიონში ვითარება უკიდურესად დაიძაბა აღმოსავლეთ იერუსალიმიდან რამდენიმე ათეული არაბული ოჯახის შესაძლო გამოსახლების გამო. ასეთი გადაწყვეტილება მიიღო ისრაელის სასამართლომ. ამან პალესტინელთა უკმაყოფილება გამოიწვია. 7 მაისს მათ პოლიციელებს ქვები, ბოთლები და არმატურის ნაჭრები დაუშინეს.

კონფლიქტის ლოკალიზაციისთვის პოლიციამ მუსლიმებს ტაძრის მთაზე მისვლა აუკრძალა. პალესტინური მედიის ცნობით, ისრაელის უშიშროების ძალებმა რეზინის ტყვიები და ხმოვანი ყუმბარები გამოიყენეს. რამდენიმე ხნის შემდეგ პოლიციამ შტურმით აიღო მუსლიმთა მნიშვნელობით მესამე წმინდა სალოცავის, ალ-აქსის მეჩეთის ეზო და ხალხი ძალით აიძულა, დაეტოვებინა ის.

პალესტინელთა გამოსახლების თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილება გადაიდო, მაგრამ შეტაკებები გაგრძელდა.

ისრაელი და პალესტინური ავტონომია ერთმანეთს აბრალებენ კონფლიქტის ესკალაციას. გაერომ, ევროკავშირმა და აშშ-მა შეშფოთება გამოხატეს და მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG