Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

NCDC-ის განმარტებით, უმოკლეს დროში აღმოიფხვრება ტექნიკური შეფერხება


კორონავირუსის ვაქცინაზე დასარეგისტრირებელ ვებსაიტზე შეფერხების მიზეზის შესახებ განცხადება გამოაქვეყნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულმა ცენტრმა (NCDC).

„აცრის დაჯავშნის მსურველი მოქალაქეების მაღალი აქტიურობის შედეგად ელექტრონულ სისტემაში შეიქმნა წინასწარ გაუთვალისწინებელი დროებითი ტექნიკური შეფერხება, რომელიც უმოკლეს დროში აღმოიფხვრება და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია დამატებით იქნება მოწოდებული", - განმარტავს NCDC.

დაავადებათა კონტროლისა ცენტრი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მეორე დოზით აცრისათვის საჭირო ვაქცინები შენახულია პირველი დოზით აცრილი მოქალაქეებისათვის და ყველა მოქალაქე შეუფერხებლად შეძლებს მეორე დოზით აცრის დაჯავშნას მისთვის სასურველ სამედიცინო დაწესებულებაში.

NCDC მადლობას უხდის თანამოქალაქეებს კორონავრუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აცრებისადმი გამოჩენილი მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის გამო.

ჯანდაცვის სამინისტროს ონლაინპლატფორმა booking.moh.gov.ge ამ დროისთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაზე დარეგისტრირება შეუძლებელია. 12 მაისს, 20:00 საათზე, უნდა დაწყებულიყო „სინოფარმის“ ვაქცინის მეორე დოზის მისაღებად რეგისტრაცია.

12 მაისიდან შეჩერდა „სინოფარმის" ვაქცინის პირველ დოზაზე რეგისტრაცია. „სინოფარმის“ ვაქცინის დოზებს შორის ინტერვალი 21-28 დღეა. სამედიცინო დაწესებულებას კი მოქალაქეები ირჩევენ სურვილისამებრ.

20:00 საათიდან შესაბამის პორტალზე რეგისტრაცია ასევე შესაძლებელი უნდა ყოფილიყო „ასტრაზენეკას“ ვაქცინაცინაზე მოქალაქეებისთვის 45 წლიდან.

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში 15 მარტიდან დაიწყო და პირველ ეტაპზე გავრცელდა სამედიცინო პერსონალსა და 65 წელს გადაცილებულ მოქალაქეებზე. 5 აპრილიდან, კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება შეუძლიათ 55 წლის ასაკს ზემოთ მყოფ მოქალაქეებს, ასევე, დიალიზზე მყოფ და ორგანოგადანერგილ პაციენტებს.

დღეს ქვეყანაში აცრა სამი ტიპის ვაქცინითაა შესაძლებელი - „ფაიზერით“, „ასტრაზენეკათი“ და „სინოფარმით“. ამ უკანასკნელით პირველი დოზით ვაქცინაცია 4 მაისიდან დაიწყო.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG