Accessibility links

site logo site logo

ისრაელი აცხადებს, რომ მისი ქვეითი ნაწილები მზად არიან „სახმელეთო ოპერაციისთვის“


ისრაელის სამხედრო უწყების ცნობით შეიარაღებული ძალების ქვეითი დანაყოფები მზად არიან „სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად“ პალესტინა-ისრაელს შორის მორიგი მასშტაბური ესკალაციის ფონზე.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გასული სამი დღის განმავლობაში, ისრაელის სარაკეტო იერიშების შედეგად, ღაზის სექტორში დაღუპულია სულ მცირე 70 ადამიანი, მათ შორის 17 ბავშვი. დაჭრილია 388. ისრაელის მონაცემებით, დაღუპულია 7 ადამიანი, მათ შორის ბავშვი და სამხედრო მოსამსახურე. 100-მდე დაჭრილია.


ისრაელის პოლიციის ცნობით, ღაზის სექტორიდან ნასროლი ერთი რაკეტა თელ ავივის მახლობლად მდგარ შენობას მოხვდა, რის გამოც ხუთი ადამიანი დაიჭრა. უფრო ადრე, ისრაელის საავიაციო იერიშის შედეგად დაიღუპა ექსტრემისტული ჯგუფის ორი მეთაური და დაინგრა მრავალსართულიანი სახლი პალესტინის ტერიტორიაზე.

საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთების პასუხად, რომ ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე საშიში ძალადობის შედეგად, შესაძლოა, რეგიონში ვითარება კონტროლიდან გამოვიდეს, - ისრაელმა განაცხადა, რომ ღაზის სექტორზე იერიშები გაგრძელდება და ამასთანავე ქვეყნის არმია ემზადება „სხვადასხვა სცენარისათვის“.


„ჩვენ გვყავს მომზადებული ქვეითი ძალა, რომელიც მზადების სხვადასხვა სტადიაში იმყოფება სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად“, - განაცხადა ისრაელის არმიის პრესმდივანმა ჯონათან კონრიკუსმა. ამასთან, ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ბენი განცმა, განაცხადა, რომ მისი ბრძანებით დაწყებულია უსაფრთოხების ძალების „მასობრივი გაძლიერება“, რათა დაეხმაროს იმ არეულობის შეკავებაში, რომელმაც მოიცვა ებრაელებისა და არაბების შერეული დასახლებები მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე.

თავის მხრივ დაჯგუფება „ჰამასიც“ ახდენს იმის დემონსტრიტებას, რომ მზად არის განაგრძოს ბრძოლა. მისმა ლიდერმა ისმაილ ჰანიეჰმა 12 მაისს განაცხადა, რომ „მტრის წინააღმდეგ ბრძოლა უვადოა“. ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეტანიაჰუმ პირობა დადო, რომ „გაგრძელდება იერიშები „ჰამასისა“ და ღაზის სექტორში მდებარე სხვა დაჯგუფებების ობიექტებზე“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG