Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„კომერსანტი“: ლუკაშენკა და პუტინი ერთმანეთს თვის ბოლოს რუსეთში შეხვდებიან


ბელარუსის ავტოკრატი ლიდერი, ალიაქსანდრ ლუკაშენკა, რომელიც დასავლეთის მზარდი იზოლაციის ქვეშ იმყოფება სამშვიდობო საპროტესტო გამოსვლების ჩახშობისთვის, თვის ბოლოს რუსეთში ვლადიმირ პუტინს შეხვდება.

გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ეს იქნება პუტინ-ლუკაშენკას მესამე შეხვედრა მიმდინარე წელს, რომელზეც ორი ლიდერი ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების გარდა, კვლავ იმსჯელებს ორი ქვეყნის კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრაციაზე.

ბოლო წლების განმავლობაში ვლადიმირ პუტინი ზეწოლას ახდენს ლუკაშენკაზე, რათა გადადგას ნაბიჯები ორი ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციისკენ, 20 წლის წინ საკავშირო სახელმწიფოს შექმნისკენ მიმართული შეთანხმების შესადუღაბებლად.

ლუკაშენკა ეწინააღმდეგებოდა ამ ზეწოლას, მაგრამ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მინსკისა და ბელარუსის სხვა ქალაქების ქუჩებში დაწყებულმა უპრეცედენტო მასშტაბის აქციებმა შეასუსტა ბელარუსის ლიდერის პოზიციები მოსკოვთან მოლაპარაკების პროცესში.

გაზეთ „კომერსანტის“ თანახმად, ვლადიმირ პუტინთან თავის მორიგი შეხვედრის დროს ლუკშენკა შეეცდება მიაღწიოს ბელარუსის ეკონომიკის სტაბილურობისათვის მნიშვნელოვანი რუსული ენერგომატარებლების ფასის შემცირებას.

დღეისათვის მინსკი ათას კუბურ მეტრ რუსეთის გაზს ყიდულობს 128,5-დოლარად და სურს, რომ შემცირდეს ეს რიცხვი $100-მდე 2022 წლის პირველი იანვრიდან. ანუ ორი წლით უფრო ადრე საბაჟო და საგადასახადო სისტემების დაგეგმილ უნიფიცირებამდე.

მოსკოვს კი სურს, რომ რიგითობა იყო სხვანაირი - ჯერ უნიფიკაცია და შემდეგ ფასდაკლება.

66 წლის ლუკაშენკა, რომელიც ქვეყანას 1994 წლიდან მართავს, დიდი უპირატესობით გამარჯვებულად გამოცხადდა 2020 წლის 9 აგვისტოს ჩატარებულ საპრეზიდენტო არჩევნებში - რასაც მოჰყვა თითქმის ყოველდღიური საპროტესტო გამოსვლები მისი გადადგომის და ახალი არჩევნების გამართვის მოთხოვნებით.

ოპოზიცია აცხადებს, რომ კენჭისყრა გაყალბდა. დასავლეთი უარს ამბობს ლუკაშენკას აღიარებაზე ბელარუსის ლეგიტიმურ ლიდერად.

უსაფრთხოების ძალებმა ძლიერი ზეწოლა განახორციელეს დემონსტრანტებზე, დააკავეს ათასობით პირი, მათ შორის ჟურნალისტები, წამყვანი ოპოზიციონერების დიდი ნაწილი ქვეყნიდან განდევნეს.

ძალადობას ემსხვერპლა რამდენიმე დემონსტრანტი. უფლებადამცველი ორგანიზაციების თქმით, არსებობს სანდო მტკიცებულებები, რომ დაკავებულების ნაწილი ციხეებში აწამეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG