Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ანდრია ჯაღმაიძე დმანისს არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონად მიიჩნევს


საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი, ანდრია ჯაღმაიძე, რომელიც დმანისში 17 მაისს ილია მეორემ გააგზავნა, იქ მიმდინარე დაძაბულობას ეხმაურება და აცხადებს, რომ დაპირისპირება გარე ძალების მიერ იყო წახალისებული.

დეკანოზი ფეისბუკზე წერს, რომ მომხდარი ყოფითი ინციდენტი იყო, რომლის „ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობა არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას ემსახურებოდა“. საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელის პოზიცია იდენტურია ხელისუფლების წარმომადგენლების პოზიციისა, რასაც ისინი გუშინ, დაძაბულობის ფონზე მთელი დღის განმავლობაში აჟღერებდნენ. ანდრია ჯაღმაიძეც, ადგილობრივებისა და ხელისუფლების მსგავსად, დაძაბულობის ესკალაციაში დამნაშავედ მედიას მიიჩნევს.

„1. გუშინ დმანისში მომხდარი ამბები ნამდვილად წახალისებული იყო გარე ძალების მიერ, ვისაც აწყობდა ეთნიკურ კონფლიქტში გადაეზარდათ ეს ინციდენტი.
2. ტელევიზიების უმრავლესობა ცეცხლზე ნავთს ასხამდა და ნებსით თუ უნებლიედ, ფაქტიურად იგივე მიზანს ემსახურებოდნენ.
3. იქ მცხოვრები ქართველების "ეკოემიგრანტებად მოხსენიება" არის მიზანმიმართული შეურაცხყოფა ამ ადამიანებისა, უფრო მეტიც, ეს სახელმწიფოებრივი დანაშაულია, რომელიც ემსახურება ყოფითი ინციდენტის მაშტაბის გაზრდას, მის ეთნიკურ დაპირისპირებაში გადაყვანის მცდელობას და ისედაც არასახარბიელო ეთნიკური ბალანსის მქონე რეგიონში ეთნიკურად ქართული მოსახლეობის დაკნინებას, სწორედ ეს უსამართლობა იყო მოსახლეობის მხრიდან ჟურნალისტებისადმი გამოვლენილი აგრესიის საფუძველიც.
4. ღვთის შეწევნით, მოსახლეობას ეყო მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა და სახელმწიფოს ძალისხმევით, ადგილობრივი სასულიერო პირების ჩართულიბით, მათ შორის საპატრიარქოს მონაწილეობით, ერთმანეთთან ძმური მეზობლობის გარემოში ცხოვრების სურვილმა და საღმა აზრმა გაიმარჯვა ვნებებზე.


დიდი იმედია, ყველამ დავინახეთ, თუ რამდენად საშიში შეიძლება აღმოჩნდეს ყველასთვის, ემოციებს აყოლა, საქართველოს არაკეთილმოსურნე ძალის ხელში.
ვუსურვებ მშვიდობას დმანისს და მთელს საქართველოს“,
- წერს ანდრია ჯაღმაიძე ფეისბუკის პირად გვერდზე.

16 მაისს მედიაში გავრცელდა კადრები, როგორ უსწორდებიან ერთმანეთს ხელკეტებითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით (თოხი, ურო) შეირაღებული პირები ერთმანეთს. სათვალთვალო კამერების მიერ გადაღებულ კადრებში ჩანს, დმანისში ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელი ახალგაზრდების ორი ჯგუფის ფიზიკური დაპირისპირება. ხელჩართულ ჩხუბში ახალგაზრდები ერთმანეთს ჯოხებს ურტყამენ - ადგილობრივი მოქალაქეები და ხელისუფლების წარმომადგენლების მომხდარ ჩხუბში ეთნიკურ მოტივს გამორიცხავენ, თუმცა მედიასთან კომენტარებში ისმის ეთნიკურად აზერბაიჯანელების მიმართ შეურაცხმყოფელი ფრაზები. ადგილობრივები დაძაბულობის ესკალაციაში გარკვეულწილად მედიასაც ადანაშაულებენ და ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას არასაკმარისად მიიჩნევენ.

დაპირისპირება გაგრძელდა 17 მაისს, დილით.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მიმდინარე დაძაბულობის შესახებ გავრცელებულ განცხადებაში ყველას მოუწოდა სიმშვიდისკენ იმისათვის, რომ ყოფით ნიადაგზე დაწყებული კონფლიქტი არ გადაზრდილიყო ეთნიკურ დაპირისპირებაში.

17 მაისს, საღამოს, დმანისის მერიაში გამართული შეხვედრის შემდეგ დაპირისპირებულებმა შერიგების შესახებ გამოაცხადეს. დმანისის ცენტრში ეთნიკურად ქართველებმა გამარჯვების ნიშნად ჯვრის აღმართვით აღნიშნეს.

დმანისის ცენტრში ჯვარი აღიმართა კონფლიქტის ამოწურვის ნიშნად
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG