Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რა მოხდა დმანისში - როგორ [ვერ] აგვარებს სახელმწიფო დიდ და მცირე კონფლიქტებს 


დმანისში, ერთ მაღაზიასთან 16 მაისს მომხდარი ფიზიკური დაპირისპირება მეორე დღეს ისე გამწვავდა, რომ საქმეში შინაგან საქმეთა მინისტრის, პარლამენტარებისა და სპეცდანიშნულების რაზმის ჩართვა გახდა საჭირო. არიან დაკავებულები და დაშავებულები. 

დმანისში ჩასული ხელისუფლების წარმომადგენლების საჯარო განცხადებები ტოვებდა შთაბეჭდილებას, რომ მათთვის კონფლიქტის მოგვარებაზე მნიშვნელოვანი თავის და საზოგადოების დარწმუნებაა იმაში, რომ კონფლიქტი არ არსებობს, ამოწურულია ან უმნიშვნელო. სამოქალაქო საზოგადოება მთავრობის წევრების საჯარო განცხადებებს პრობლემურად მიიჩნევს მათი ზედაპირულობის გამო, ადგილობრივები კი მთავარ დამნაშავედ მედიას თვლიან, რომელმაც მათ ქალაქში მომხდარი კონფლიქტი გააშუქა.

17 მაისს, პოლიტიკოსები ხელისუფლებიდან ამტკიცებდნენ, რომ დმანისში კონფლიქტი „ყოფით ნიადაგზე” დაიწყო და „დაინტერესებული ძალები” ცდილობდნენ, ის ეთნიკური ნიშნით დაპირისპირებაში გადაეზარდათ, ოპოზიცია კი ხელისუფლებას არაეფექტიანი მართვისთვის აკრიტიკებდა.

როგორ შეიძლება გადაიზარდოს მარტივი კონფლიქტი სამოქალაქო დაპირისპირებაში

„ვხედავთ საათების განმავლობაში ძალადობას, რომლის აღკვეთას ვერ ან არ ახერხებს პოლიციის ხელმძღვანელობა იმის გამო, რომ არ იძლევა შესაბამის დავალებებს. ეს ვითარება არის პირდაპირი შედეგი ივანიშვილის რეჟიმის პოლიტიკის. ეს არის შედეგი ეთნიკური და რელიგიური შუღლის გამოყენებისა პოლიტიკური ამოცანებისთვის, რასაც წლების განმავლობაში ეწევა ივანიშვილის რეჟიმი და ეს არის შედეგი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფების და ძალადობის გამოყენებისა საარჩევნო ამოცანებისთვის, რაც განსაკუთრებით ამ რეგიონში წლების განმავლობაში ხდებოდა“, - ეს განცხადება „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა, გიგა ბოკერიამ მანამ გააკეთა, სანამ შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური დმანისში ჩავიდოდა. დმანისში ყველაზე დაძაბული დღის 11 საათიდან 1 საათამდე მონაკვეთი იყო - მინისტრი ადგილზე სამი საათისთვის გამოჩნდა.

„ამ თემას [ეთნიკურ დაპირისპირებას] არ დავუშვებთ. ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან ჩვენი მოქალაქეები, აზერბაიჯანი ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეგობარია და ეს არ უნდა დავუშვათ. ვინც ამბობს, რომ ეს არის ეთნიკური კონფლიქტი, [ეს] არის ქვეყნის მტრობა“, - თქვა დმანისში ჩასულმა შინაგან საქმეთა მინისტრმა და მისი ეს განცხადება მტკივნეულად მოსასმენი აღმოჩნდა ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც თვლიან, რომ მაღალი თანამდებობის პირის მხრიდან მათზე საუბრისას ისტორიულ სამშობლოზე ლაპარაკი არაკორექტულია.

„გომელაურის განცხადების შემდეგ ახლა ჩემი თავი რაღაცა ინვესტიციასავით ვგრძნობ. კაი სტუმარი ვართ, სტუმართან ისე იქცევიან”, - დაწერა ფეისბუკში ეთნიკურად აზერბაიჯანელმა აქტივისტმა სამირა ბაირამოვამ. ის აქცენტს აკეთებს იმაზეც, რომ მთელი დაძაბული დღის განმავლობაში ადგილზე არ გამოჩენილა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი.

„საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებით (აზერბაიჯანი ჩვენი მოკავშირეა, ჩვენი მეზობელია, ჩვენი პარტნიორია, ეს არ უნდა დავუშვათ...) კიდევ ერთხელ დადასტურდა სახელმწიფო პოლიტიკის რეალური შინაარსი, საკუთარი მოქალაქეების სხვა სახელმწიფოსთან დაკავშირება და ამ რიტორიკაზე დაფუძნებული ხედვა, არსებითად აზიანებს ქვეყანაში დემოკრატიული, თანასწორი და სტაბილური გარემოს უზრუნველყოფას.

სახელმწიფომ უარი უნდა თქვას მოქალაქეების ჩვენებად და სხვებად დაყოფაზე და თანასწორი მიდგომით უზრუნველყოს სამართლის აღსრულება. ამასთანავე, სახელმწიფომ შესაბამის პასუხისმგებელ უწყებებთან ერთად უნდა უზრუნველყოს კონფლიქტის ტრანსფორმაცია და ნდობის აღდგენა მოქალაქეთა შორის”, - ეს ტარიელ ნაკაიძის მოსაზრებაა. ის „ქართველ მუსლიმთა კავშირის” ყოფილი თავმჯდომარეა და წლებია მუშაობს რელიგიური უმცირესობების საკითხებზე. დღეს მთელი დღის განმავლობაში ხელისუფლებაც და ადგილობრივებიც ამტკიცებდნენ, რომ არანაირ ეთნიკურ შუღლს ადგილი არ აქვს და ამაზე საუბარი მხოლოდ „ქვეყნის მტრებს” აძლევთ ხელს, თუმცა ასევე მთელი დღის განმავლობაში ისმოდა შეტაკებებისას თუ ფონურ ხმაურში შეურაცხმყოფელი და აგრესიის შემცველი განცხადებები საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელების მიმართ.

დაპირისპირება დმანისის ცენტრში მოქალაქეებს შორის
დაპირისპირება დმანისის ცენტრში მოქალაქეებს შორის

„ეთნიკურ ნიადაგზე დმანისში მომხდარი ჯგუფური თავდასხმა პირველი შემთხვევა არ არის და ძალიან მაგონებს ბოლნისში მცხოვრები აზერბაიჯანელების ძალისმიერად გაყრას ჯერ კიდევ 90-იან წლებში. დამნაშავეები საკადრისად უნდა დაისაჯონ, რადგან სახელმწიფოს საფუძვლებს არყევენ. ჩემმა ბავშვობამ ამ კოშმარებში ჩაიარა და მერწმუნეთ, უყურადღებოდ გასატარებელი არ არის”, - წერს ფეისბუკში მთარგმნელი და ქართული ლიტერატურის ისტორიის სპეციალისტი ოქტაი ქაზუმოვი.

„არანაირი სარჩული არ ქონია, მანამდე ეს ხალხი აქ დიდი ხანია მშვიდად და ერთად ცხოვრობს. ძალიან დიდი ხანია, რაც სვანები აქ ჩამოასახლეს და კიდევ უფრო დიდი ხანია აზერბაიჯანელები ცხოვრობენ მანამდე და ამას გეტყვით ნებისმიერი, ვინც აქ ცხოვრობს. არ ვიცი, რომელმა მართულმა ძალებმა გამოწვიეს ეს ყველაფერი, მაგრამ გადაიზარდა იმაში, რაც დღეს ვიხილეთ და საერთოდ ეთნიკური პროცესები ძალიან სახიფათოა და, ჩემი აზრით, პრესა არ უნდა მოეკიდოს ამას ასე, ჩემი აზრით”, - უთხრა რადიო თავისუფლებას ეთნიკურად ქართველმა ახალგაზრდა ქალმა დმანისში. ის არ არის ერთადერთი, რომელიც დაპისრისპირებაში მთავარ დამნაშავედ მედიას მიიჩნევს - დღეს მთელი დღის განმავლობაში ჟურნალისტების მიმართ აგრესიულად იყვნენ განყობილები როგორც ეთნიკურად ქართველები, ისე ეთნიკურად აზერბაიჯანელები.

„ამბობენ რომ ჩვენ ხისთავიანები ვართ, ნურას უკაცრავად! ჩვენ არ ვართ ხისთავიანები, ჩვენ ყველაფერს ადეკვატურად ვუყურებთ, საკმაოდ ლოიალურები ვართ, მაგრამ როცა საქმე ეხება ჩვენს თავისუფლებას, ჩვენს ენას, მამულს და სარწმუნოებას, ვუპასუხეთ ისე, როგორც გამოჩნდა ტელევიზორში”, - ეს გიგა ანსიანია, დმანისის მკვიდრი. ის გვიყვება, რომ დღეს დილას ტელევიზორს უყურებდა, როცა დაინახა სვანების უბანში ეთნიკურად აზერბაიჯანელების მობილიზება და ამის შემდეგ გავიდა გარეთ თავდასაცავად. ის ჰყვება, რომ ეთნიკურად აზერბაიჯანელ თანამოქალაქეებს, როცა ისინი სვანების უბანში მივიდნენ, ხელში მდინარე მაშავერადან ამოტანილი ქვები ეჭირათ.

„მომზადებულები იყვნენ რეალურად, როგორც დაინახეთ ტელევიზიაში, შეტაკება დაიწყო იმათი მხრიდან. პირველი ქვების ცვენა დაიწყო იმათი მხრიდან. ჩვენს ოჯახებში შემოვიდნენ, ჩვენს ტერიტორიაზე შემოვიდნენ, 30 წლის განმავლობაში ასეთი რამე აქ არ მომხდარა”, - გვიყვება გიგა ანსიანი 17 მაისის დილას მომხდარი დაპირისპირების შესახებ. მას არ აქვს იმედი, რომ კონფლიქტი ერთ დღეში ამოიწურება და არც იმას ფიქრობს, რომ გარეთ გასვლა მომდევნო დღეებში უსაფრთხო იქნება მოლაპარაკებების წარმატებით დაუმთავრებლად.

მოლაპარაკებებს დაპირისპირებულ მხარეებს შორის ხელისუფლების წარმომადგენლები მართავდნენ ისე, რომ არ აღიარებდნენ დაპირისპირებული მხარეების არსებობას. მაშინ, როცა ხელისუფლებას საზოგადოება დამნაშავეების დასჯას სთხოვდა, დეპუტატები პირად საუბრებში ადგილობრივებს ეუბნებოდნენ, რომ მზად იყვნენ დაკავებულები გაეთავისუფლებინათ ვითარების განსამუხტად.

როგორ დაიწყო კონფლიქტი

16 მაისს დმანისის ერთ-ერთ მაღაზიაში მისული ახალგაზრდა კაცი „ნისიად” ითხოვდა სასმელს, რომელიც მაღაზიის გამყიდველმა არ მისცა. სავარაუდოდ, ახალგაზრდა ნასვამი იყო და იმის გამო, რომ დაგროვებული ვალის გამო სასმელი აღარ გაატანეს, შეიგინა. ახალგაზრდა მაღაზიიდან წავიდა და ცოტა ხანში უკან მიბრუნდა ჯგუფთან ერთად - დაიწყო ფიზიკური დაპირისპირება მაღაზიის მეპატრონესა და მის ახლობლებს და განაწყენებულ კლიენტს შორის. ჩხუბისას გამოიყენეს ხელკეტები, ქვები, თოხი, ურო და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, რომლებიც იქვე, მაღაზიიდან გამოიტანეს. პოლიცია დაპირისპირებაში არ ჩარეულა და მაშინ მივიდა შემთხვევის ადგილზე, როცა ყველაფერი უკვე „დამთავრებული” იყო. სათვალთვალო კამერის მიერ გადაღებული ჩხუბის კადრები სოციალურ ქსელებსა და მედიაში გავრცელდა - უხმო კადრებში ორი დაპირისპირებული მხარე ერთ ქალაქში მცხოვრები ეთნიკურად ქართველი და ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან.

რას ჰყვება დმანისში მაღაზიასთან ნაცემი ერთ-ერთი კაცი მომხდარზე
please wait

No media source currently available

0:00 0:03:51 0:00

17 მაისისთვის დაიგეგმა აქცია სამართლიანი გამოძიებისა და კონფლიქტში მონაწილე მოძალადეების დასჯის მოთხოვნით და მასში მონაწილეობის მისაღებად, დმანისის მკვიდრების გარდა, ჩავიდნენ ეთნიკურად აზერბაიჯანელი საქართველოს მოქალაქეები სხვადასხვა დასახლებიდან. მათ გამოჩენას ეთნიკურად ქართველების უბანში ხმაური და გაღიზიანება მოჰყვა, აქცია არ ჩატარებულა, ვითარება რამდენჯერმე დაიძაბა, სპეცდანიშნულების რაზმის კედელი კი რამდენჯერმე გაარღვიეს დაპირისპირებულმა მოქალაქეებმა.

დღის 3 საათისთვის დმანისში ჩავიდნენ ხელისუფლების წარმომადგენლები. შეხვედრა გაიმართა პოლიციის შენობაში. შეხვედრის შემდეგ პოლიტიკოსების ნაწილი ხალხში გავიდა შესახვედრად, ნაწილი შენობაში დარჩა და მუსლიმ სასულიერო პირებთან დაიწყო მოლაპარაკებები.

საღამოს 6 საათისთვის ვითარება კიდევ დაიძაბა - დაშავდა საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის გადამღები ჯგუფი, ხალხის მასაში შეიჭრა მანქანა, ხმაური იყო დმანისის შესასვლელთანაც, სადაც დღის განმავლობაში შეზღუდული იყო გადაადგილება.

დღის ბოლოს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ კონფლიქტი ამოწურულია.

დმანისის ცენტრში დაიდგა ჯვარი და მის გარშემო შეიკრიბნენ ადგილობრივები, ეთნიკურად ქართველები. ეს იყო სიმბოლური აქტი, რომ მათ დაიცვეს საკუთარი თავი, მიწა და სარწმუნოება.

დმანისის ცენტრში ჯვარი აღიმართა კონფლიქტის ამოწურვის ნიშნად
please wait

No media source currently available

0:00 0:00:38 0:00

ამ დროისთვის არ არსებობს დაზუსტებული ინფორმაცია დაშავებულების რაოდენობისა და დაკავებულების შესახებ.

დმანისის კონფლიქტი არ არის პირველი კონფლიქტი ბოლო წლებში, სადაც ეთნიკური და რელიგიური უმცირესობები მონაწილეობენ - ბოლო ასეთი რამდენიმედღიანი დაპირისპირება ბუკნარში მოხდა. უფლებადამცველები გამუდმებით საუბრობენ იმაზე, რომ სახელმწიფო და ის სტრუქტურები, რომლებიც ამგვარი კონფლიქტების მოგვარებისთვის არსებობენ, მაგალითად, შერიგების სამინისტრო და რელიგიის სააგენტო, არაეფექტიანად მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG