Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მედია: მედვედჩუკს ფარული კავშირი ჰქონდა მოსკოვთან და პოროშენკოს აწვდიდა ინფორმაციას


ვიქტორ მედვედჩუკი
ვიქტორ მედვედჩუკი

უკრაინის საგამოძიებო პროექტ Bihus.info-ს ჟურნალისტები ამბობენ, რომ წვდომა მოიპოვეს პრორუსული ორიენტაციის პოლიტიკოს ვიქტორ მედვედჩუკის სატელეფონო საუბრებზე 2014 წლიდან მოყოლებული.

გამოქვეყნდა გამოძიების პირველი ნაწილი. აუდიოჩანაწერების მიხედვით, რომელთა სანდოობა ოფიციალურად არ დადასტურებულა, მედვედჩუკი 2014 წლიდან მოყოლებული, როცა რუსეთმა ყირიმის ანექსირება მოახდინა და როცა აღმოსავლეთ უკრაინაში შეიარაღებული კონფლიქტი დაიწყო, მოლაპარაკებებს აწარმოებდა რუსეთის მაღალი რანგის წარმომადგენლებთან, ასევე პირდაპირ უკავშირდებოდა დონბასელ სეპარატისტებს, რომლებსაც რუსეთი ეხმარებოდა. ამასთან, მედვედჩუკი ჩანაწერებში თვითონ ამბობს, რომ კრემლთან ფარული კავშირები ჰქონდა მაშინდელი პრეზიდენტის, პეტრო პოროშენკოს თანხმობით.

როგორც იტყობინებიან, უკვე 2014 წლის ივნისში მედვედჩუკი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს ნათლიმამად ეკუთვნის, რეგულარულად იმყოფებოდა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში და თითქოს დღე-ღამის ნებისმიერ დროს ხვდებოდა პოროშენკოს. „ამასთან, ის არა მხოლოდ გადასცემდა ინფორმაციას მოსკოვიდან, არამედ ცდილობდა, გავლენა მოეხდინა პოროშენკოზე და დაერწმუნებინა ის, მიეღო ესა თუ ის გადაწყვეტილება, რომელთაც მოსკოვი ითხოვდა, განსაკუთრებით - ოკუპირებულ ტერიტორიებზე ცხოვრების ორგანიზების შესახებ“, ირწმუნებიან გამოძიების ავტორები. ისინი ხაზს უსვამენ, რომ მედვედჩუკი მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიციაში იმყოფებოდა და არავითარი ოფიციალური უფლებამოსილება არ გააჩნდა.

ახლახან მედვედჩუკის წინააღმდეგ, რომელიც ერთ-ერთი ლიდერია პარტიისა „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა სახელმწიფოს ღალატის ბრალდებით. მაგრამ ის ეხება არა მის კონტაქტებს სეპარატისტებთან, არამედ ანექსირებული ყირიმის ნაპირებთან სასარგებლო წიაღისეულის მოპოვების პროექტს. მედვედჩუკი შინაპატიმრობაში მოათავსეს. არც მას, არც პოროშენკოს ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებიათ Bihus.info-ს პუბლიკაციაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG