Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მერაბ ღოღობერიძემ პროტესტის ნიშნად თავის დაწვა სცადა


მერაბ ღოღობერიძე
მერაბ ღოღობერიძე

ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია „კორუფციასთან ბრძოლის საინფორმაციო ცენტრის” ხელმძღვანელმა მერაბ ღოღობერიძემ თავის დაწვა სცადა. როგორც მისი ადვოკატი ზაზა პაპიძე ამბობს, მან პროტესტის უკიდურეს ფორმას ფინანსური პოლიციის მიერ დაწყებული გამოძიების გამო მიმართა. პაპიძე ამბობს, რომ პოლიცია ღოღობერიძის ორგანიზაციის საქმიანობით დაინტერესდა. როგორც ადვოკატი ამბობს, ღოღობერიძე საქმის დეტალების გასაცნობად მივიდა, გამომძიებლები კი არ შეხვდნენ. სწორედ, ფინანსური პოლიციის შენობასთან სცადა მან თავის დაწვა.

ამჟამად ღოღობერიძე ქუთაისის დამწვრობის ცენტრში არის გადაყვანილი.

ღოღობერიძის სახელი ბათუმის 11-12 მარტის მოვლენებს უკავშირდება. 2018 წლის იანვარში ის ბათუმის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ ცნო 2017 წლის 11-12 მარტის მასობრივი არეულობის ორგანიზების საქმეში.

2018 წლის მარტში ღოღობერიძე პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიამ პატიმრობიდან გაათავისუფლა.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მერაბ ღოღობერიძის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ გაავრცელა. მასში აღნიშნულია, რომ კონკრეტულ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება.

„დღეს ქ. ბათუმში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოსთან მოქალაქე მ.ღ.-ს მიერ, პროტესტის მიუღებელი ფორმით განხორციელებულ ქმედებასა და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებული საზოგადოების მზარდი ინტერესის გათვალისწინებით, სამსახური განმარტავს, რომ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის აჭარისა და გურიის სამმართველოს წარმოებაშია სისხლის სამართლის საქმე, უკანონო სამეწარმეო საქმიანობისა და ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე და 210-ე მუხლების პირველი ნაწილებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში.

სამსახურის ცნობით, გამოძიება დაიწყო 2021 წლის 25 თებერვალს შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე.

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, „დანაშაულებრივ სქემაში ჩართულია რამდენიმე კომპანია, რომელთა შორის ყალბი საგადასახადო დოკუმენტების დამზადებითა და გამოყენებით, განხორციელებულია უკანონოდ მოპოვებული, მილიონ ლარზე მეტი ღირებულების ქვიშა-ხრეშის რეალიზაცია“.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ სამართალდამცავი უწყება აქტიურად ატარებს საგამოძიებო მოქმედებებს საჭირო ფაქტობრივი გარემოებების გარკვევისა და შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების ჩამდენი პირების გამოვლენა-მხილების მიზნით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG