Accessibility links

site logo site logo

სირიაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკამ სავაჭრო პალატის წარმომადგენლობა გახსნა


სირიის არაბულ რესპუბლიკაში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტისა და სამთავრობო დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში დამასკში აფხაზეთის სავაჭრო-სამეწარმეო პალატის წარმომადგენლობა გაიხსნა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

„წარმომადგენლობის გახსნა – ეს არის ახალი ნაბიჯი მიღწეული შეთანხმებების რეალიზაციაში, რომელიც საინტერესო და სასარგებლო მოვლენაა როგორც ჩვენს რესპუბლიკებს შორის ინტეგრაციული ურთიერთობებისთვის, ასევე თითოეული მხარისთვის”, – აფხაზური მედიის ცნობით, განაცხადა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო პალატის ხელმძღვანელმა თამილა მირცხულავამ სირიაში ვიზიტის დროს.

ოფიციალური ცნობითვე, აფხაზეთისა და სირიის სავაჭრო პალატებს შორის აქამდეც ხელმოწერილია რიგი შეთანხმებები ამ კუთხით და მხარეთა შორის შეხვედრები პერიოდულად მიმდინარეობდა. სწორედ ეს თანამშრომლობა გახდა საფუძველი იმისა, რომ სირიაში აფხაზეთის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა. დე ფაქტო რესპუბლიკის წარმომადგენლების პოზიციით, სავაჭრო წარმომადგენლობის მუშაობა მიმართული იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კავშირების გასამყარებლად, რამაც საბოლოო ჯამში რესპუბლიკებს შორის იმპორტ-ექსპორტის გაზრდას ხელი უნდა შეუწყოს.

სავაჭრო სახლის გახსნაზე აფხაზურმა მხარემ წარმოადგინა აფხაზეთში ნაწარმოები პროდუქცია, მათ შორის, ღვინო, მინერალური წყალი და ჩაი.

ასლან ბჟანია დე ფაქტო მთავრობის და პარლამენტის წევრებთან ერთად, სირიაში "ოფიციალური ვიზიტით" 16 მაისს ჩავიდა. იგი შეხვდა სირიის პრეზიდენტ ასადს, პრემიერ-მინისტრ არნუსს და ანტიოქიის პატრიარქს.

სირიამ სამხრეთ ოსეთისა და აფხაზეთის დამოუკიდებლობა 2018 წლის 29 მაისს ცნო, რის შემდეგაც საქართველომ მასთან დიპლომატიური ურთიერთობები შეწყვიტა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG