Accessibility links

site logo site logo

საქართველო მონაწილეობას მიიღებს უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვან სწავლებაში Sea Breeze 2021


საქართველოს თავდაცვის ძალები ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნის სამხედრო ქვედანაყოფებთან ერთად მონაწილეობას მიიღებენ უკრაინაში დაგეგმილ მრავალეროვნულ სწავლებაში Sea Breeze 2021 - ინფორმაცია ამის შესახებ რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროში დაუდასტურეს.

წვრთნები 28 ივნისიდან 10 ივლისის ჩათვლით არის დაგეგმილი და საქართველოს თავდაცვის ძალები წარმოდგენილი იქნება საზღვაო, სახმელეთო და საშტაბო კომპონენტებში.

"დასავლეთის სარდლობის III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონი ოცეულის დონის ქვედანაყოფით ჰერსონის რეგიონში დაგეგმილ საველე წვრთნებში ჩაერთვება. ხოლო სპეციალური ოპერაციების ძალების მყვინთავთა რაზმი ოდესის პორტში საზღვაო მყვინთავთა წვრთნებში მიიღებს მონაწილეობას. თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის 2 ოფიცერი კი, ოდესაში Sea Breeze 2021-ის მრავალეროვნულ საზღვაო შტაბში იქნება ჩართული" - უთხრეს რადიო თავისუფლებას თავდაცვის სამინისტროში.

საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის გარდა, Sea Breeze 2021-ში ასევე მიიღებს მონაწილეობას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი. სწავლებაში საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდები ჩაერთვებიან. ეკიპაჟის წევრების გარდა, სანაპირო დაცვის წარმომადგენლები საშტაბო და აბორდაჟის კომპონენტებშიც მიიღებენ მონაწილეობას.

Sea Breeze ყოველწლიური სწავლებაა, რომელიც მიზნად ისახავს მონაწილე ქვეყნების ქვედანაყოფების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას. საერთაშორისო წვრთნაში საქართველოს თავდაცვის ძალები 2001 წლიდან მონაწილეობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG