Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კომპანია „ბორჯომი" აცხადებს რომ მზად არის დააკმაყოფილოს ხელფასის ზრდის მოთხოვნა 


გაფიცული თანამშრომლების მოთხოვნების საპასუხოდ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო" განცხადებას ავრცელებს. ის კიდევ ერთხელ ადასტურებს მზადყოფნას, დაუკმაყოფილოს გაფიცულ თანამშრომლებს ხელფასების ზრდის მოთხოვნა, მათთვის ბოლო შეხვედრაზე ნათქვამი კიდევ უფრო გაუმჯობესებული პირობებით.

თუმცა, როგორც განცხადებაშია აღნიშნული, კომპანიის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლების პირდაპირი მოლაპარაკება შეუძლებელია. კომპანია ამის მიზეზად ასახელებს გაფიცვების ორგანიზატორი, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის „დესტრუქციულ ქმედებებს". „IDS ბორჯომი საქართველო"-ს განცხადებით, პროფკავშირი უკრძალავს თანამშრომლებს დამსაქმებლებთან შეხვედრას, მისი ჩართულობის გარეშე, რაც კომპანიისთვის კატეგორიულად მიუღებელია.

„გვსურს, კიდევ ერთხელ და ცხადად განვმარტოთ კომპანია „IDS ბორჯომი საქართველო"-ს პოზიცია. ბორჯომის ქარხნებში წარმოების პროცესი დროებით შევაჩერეთ, რადგან უკანონო ქმედებები,რომელსაც ადგილი ჰქონდა აქციაზე, საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას და უსაფრთხოებას. გზების უკანონო ბლოკირება პროვოცირებული და ორგანიზებული იყო აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფესიული კავშირის თავმჯდომარის – გიორგი დიასამიძის მიერ.მიგვაჩნია, რომ დიასამიძე მოქმედებს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე და არ ზრუნავს ჩვენი თანამშრომლების ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე, სწორედ ამიტომ ვთვლით, რომ მისი მონაწილეობა პროცესის წარმატებით დასრულებას ხელს შეუშლის.

ჩვენ ყოველთვის ვსაუბრობდით და ვსაუბრობთ ჩვენს თანამშრომლებთან, მათ შორის პროფკავშირებში გაერთიანებულებთანაც და ახლაც ნებისმიერ დროს მზად ვართ, შესახვედრად და მოსალაპარაკებლად“, - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

"ბორჯომის" გაფიცული თანამშრომლები ხელფასის გაზრდას, დასვენების უფლებას და კომპანიაში პროფკავშირული ნიშნით დისკრიმინაციის აკრძალვას მოითხოვენ.

გაფიცვის ორგანიზატორია აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირი. ქარხნის მუშები ამბობენ, რომ კომპანიამ ხელფასი თითქმის 50%-ით შეუმცირა და არც ზეგანაკვეთურ შრომას ანაზღაურებს. გაფიცულთა თანახმად, ისინი დასვენების გარეშე მუშაობენ. თავად კომპანია ამბობს, რომ ზედმიწევნით იცავს საკუთარ სოციალურ ვალდებულებებს და მათი თანამშრომლების ანაზღაურება 30-40%-ით მეტია დღეს, შრომის ბაზარზე არსებულ საშუალოსტატისტიკურ მაჩვენებელზე. კომპანიის მტკიცებით, ხელფასების გაცემაზე პრობლემა და შეფერხება არ ყოფილა პანდემიის დროს, მაღალი ინფლაციისა და ეკონომიკური კრიზისის მიუხედავად.

"ბორჯომის" ქარხნების გაფიცვაში კომპანიის 350-მდე თანამშრომელი მონაწილეობს.

კომპანია IDS Borjomi International-ი 2012 წლიდან რუსული ჰოლდინგის, Alfa Group-ის მფლობელობაშია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG