Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აჭარის პოლიციაში გამოკითხეს სავარაუდო თაღლითობის მსხვერპლი მეზღვაურები


ბათუმი
ბათუმი

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს გამოკითხეს 30-მდე მეზღვაური, რომლებიც მოტყუებასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ თურქეთის მოქალაქეს.

ერთ-ერთმა მათგანმა, 23 წლის მეზღვაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სამართალდამცავებისგან მიღებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე იძებნება და, სავარაუდოდ, ისევ საქართველოს ტერიტორიაზეა, რადგან მისი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა არ ფიქსირდება.

მეზღვაურთა თანახმად, თურქეთის მოქალაქეს თურქული კომპანიის, „ბეშიქთაშ გრუპის“ სახელით ოფისი ჰქონდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. ის რამდენიმე ათეულ მეზღვაურს თურქეთში გემებზე დასაქმებას და შორეულ ნაოსნობაში გაგზავნას დაჰპირდა და სანაცვლოდ ნაწილს 500, ნაწილს კი, 800 აშშ დოლარი გადაახდევინა.

23 წლის მეზღვაური გვეუბნება, რომ შეთანხმების მიხედვით, თურქეთის მოქალაქეს ქართველი მეზღვაურები საქართველო-თურქეთის საზღვარზე ავტობუსებით 20 მაისს უნდა გადაეყვანა. სარფში შეკრებილ მეზღვაურებთან ის აღარ გამოჩენილა და აღარც ბათუმში გახსნილ ოფისში იმყოფება.

„ისე დამაჯერებლად მოქმედებდა ეს ადამიანი, რომ არანაირ ეჭვს არ ბადებდა. ჩვენ, დამწყები მეზღვაურები კი არა, გამოცდილი კაპიტნები და გემის მექანიკოსები მოატყუა. ჰქონდა კარგი ოფისი ბათუმში, საბუთებს აკეთებდა, ბეჭედიც ჰქონდა. მასთან მუშაობდა ორი თარჯიმანი ქალი. გამოძიებამ ისინიც დაკითხა. ამბობენ, ჩვენც მოგვატყუაო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას ახალგაზრდა მეზღვაურმა.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG