Accessibility links

site logo site logo

ბელარუსში „მასობრივ არეულობაში“ მონაწილეობისთვის 13 ადამიანს, მათ შორის 2 არასრულწლოვანს, მიუსაჯეს პატიმრობა


ბრესტის ციხის შესასვლელი

ბელარუსის ქალაქ ბრესტში სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 3-დან 5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 13 ადამიანს. მათ ბრალად ედებათ შარშან 10 აგვისტოს მასობრივ არეულობაში მონაწილეობა, რასაც ქალაქის ქუჩებში ახლდა ძალადობა, ქაოსი და ქონების განადგურება. უფლებადამცველ ცენტრ „ვიასნას“ ცნობით, მსჯავრდებულთა შორის არის ორი არასრულწლოვანი - ალექსანდრ ვინიარსკი და ედუარდ კუდინიუკი, რომლებსაც 3-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს აღმზრდელობით კოლონიაში მოხდით.

18 წლის ვიტალი ბონდარენკო, რომელსაც „ვიასნა“ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, 4-წლიან სასჯელს საერთო რეჟიმის კოლონიაში მოიხდის.

მანამდე, 10 მარტს, სასამართლომ ბელარუსში იმავე საქმეზე დამნაშავედ ცნო და 3-დან 4,5 წლამდე პატიმრობა მიუსაჯა 10 განსასჯელს, რომელთა შორის ასევე იყვნენ პოლიტპატიმრები და ორი არასრულწლოვანი. აღნიშნულ საქმეზე სასამართლომ დაზარალებულად ცნო 29 ადამიანი, მათი უმრავლესობა - სამართლადამცველები არიან.

სასამართლოზე არცერთ ბრალდებულს სრულად არ უღიარებია დანაშაული, მხოლოდ რამდენიმე მსჯავრდებულმა ნაწილობრივ აღიარა ბრალი.

ბელარუსში 2020 წლის 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ დაწყებული საპროტესტო აქციების დროს ბრესტი ერთ-ერთ ეპიცენტრს წარმოადგენდა. 10 აგვისტოს, გამოცემა binkl.by-ის თანახმად, სამართალდამცველები რეზინის ტყვიებს უშენდნენ დემონსტრანტებს. გადამეტებული ძალის გამოყენების შედეგად სამედიცინო დაწესებულებას მიმართა 100-მა ადამიანმა, მათგან 29 საავადმყოფოში მოათავსეს.

ავტოკრატ ალიაქსანდრ ლუკაშენკას ბრძანებით, ბელარუსში საპროტესტო გამოსვლებს მასობრივად ახშობენ, დაკავებულია 30 ათასზე მეტი ადამიანი. საპატიმროებიდან იტყობინებიან წამების შესახებ.

აშშ და ევროპის კავშირი არ აღიარებენ ლუკაშენკას გამარჯვებას 9 აგვისტოს არჩევნებში.

გასული წლის 6 ნოემბერს ევროკავშირმა პერსონალური სანქციები დაუწესა ალიაქსანდრ ლუკაშენკასა და მის შვილს.

მათ გარდა, სანქცირებულთა სიაში აღმოჩნდა 14 მოხელე, რომლებსაც ევროკავშირი მიიჩნევს მონაწილედ 9 აგვისტოს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გაყალბებასა და დემონსტრანტების წინააღმდეგ მიმართულ ძალადობაში. მათ შორის არიან ლუკაშენკას პრესმდივანი ნატალია ეისმონტი, ადმინისტრაციის უფროსი იგორ სერგიენკო და უშიშროების უფროსი ივან ტერტელი.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG