Accessibility links

site logo site logo

როგორ მოატყუეს ქართველი მეზღვაურები


ბათუმი

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს 30-ზე მეტი მეზღვაური გამოკითხეს, რომლებიც მოტყუებასა და ფულის გამოძალვაში ადანაშაულებენ თურქეთის მოქალაქეს. როგორც მეზღვაურები ამბობენ, დაზარალებულების რაოდენობა გაცილებით მეტია. ისინი ჰყვებიან, რომ თურქეთის მოქალაქეს თურქული კომპანია „ბეშიქთაშ გრუპის“ სახელით ოფისი ჰქონდა ბათუმში, ბაგრატიონის ქუჩაზე. ის რამდენიმე ათეულ მეზღვაურს თურქეთში გემებზე დასაქმებას და შორეულ ნაოსნობაში გაგზავნას დაჰპირდა და სანაცვლოდ ნაწილს 500, ნაწილს კი 800 აშშ დოლარი გადაახდევინა.

23 წლის მეზღვაური რადიო თავისუფლებას ეუბნება, რომ სამართალდამცავებისგან მიღებული ინფორმაციით, თურქეთის მოქალაქე იძებნება და ის, სავარაუდოდ, ისევ საქართველოს ტერიტორიაზეა, რადგან მისი პასპორტით საზღვრის გადაკვეთა არ ფიქსირდება. თუმცა სხვა დაზარალებული მეზღვაურის ვარაუდით, პირი, რომელმაც მათ ფული გამოსძალა, კარგად იყო მომზადებული და ქვეყნის დატოვებას მოახერხებდა.

რას ჰპირდებოდნენ მეზღვაურებს

23 წლის მეზღვაური გვიყვება, რომ, შეთანხმების მიხედვით, თურქეთის მოქალაქეს ქართველი მეზღვაურები საქართველო-თურქეთის საზღვრის გადაკვეთის შემდეგ ავტობუსებით 20 მაისს უნდა გადაეყვანა თურქეთში, თუმცა სარფში შეკრებილ მეზღვაურებთან ის აღარ გამოჩენილა და აღარც ბათუმში გახსნილ ოფისში იმყოფება, სადაც მასთან ერთად ორი თარჯიმანი ქალი მუშაობდა:

„სარფში 2 საათზე მიგვიყვანა. ორი ავტობუსი უნდა ჩამოსულიყო თურქეთიდან. 30-ნი ვიყავით, დანარჩენები მერე უნდა მოსულიყვნენ. ადგილზე მისულებს არავინ დაგვხვდა. დავურეკეთ თარჯიმანს, რომელმაც გვითხრა, მგონი, ამ კაცმა გადაგვაგდოო. ამ თურქეთის მოქალაქეს აბრალებენ ყველაფერს. ამ კაცმა დაგვარწმუნა, დოკუმენტები გვაჩვენა, მაგრამ მოგვატყუა. ჩვენ პირველად მივდიოდით, მაგრამ გამოცდილი მეზღვაურებიც მოატყუა, კაპიტნები, მექანიკოსები, 10-12 წელი რომ ცურავდნენ, ის ხალხი. ეს კომპანია ერთ-ერთი უძლიერესია თურქეთში. ამ კომპანიის ბეჭდებით საბუთები ჰქონდა და ამ კომპანიაში დასაქმებას დაგვპირდა. 1 800 დოლარი გექნებათ ხელფასიო, თავიდან 500 დოლარი გადამიხადეთ და დანარჩენი ხელფასიდან დაიფარებაო. ასე მოგვატყუა და დაგვყარა სარფში“, - ამბობს 23 წლის მეზღვაური

რატომ მოტყუვდნენ მეზღვაურები?

მეზღვაურებთან ერთად დღეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მათი ოჯახის წევრებიც გამოკითხა - ისინი, ვინც დამსაქმებელ კომპანიასთან ურთიერთობდნენ. მათ შორისაა მარიამ გოგუა, რომელიც ამბობს, რომ კომპანიას ფეისბუკგვერდით დაუკავშირდა დამწყები მეზღვაური ქმრის დასაქმების სურვილით. ამბობს, რომ კომპანიის ბათუმის ოფისში თურქეთის მოქალაქეს ორი ქართველი თარჯიმნის დახმარებით ეკონტაქტებოდა. შორეულ ნაოსნობაში დასაქმების სანაცვლოდ 700 ამერიკული დოლარი გადაიხადეს და მხოლოდ სიტყვიერი გარანტია მიიღეს. როცა კონტრაქტი მოითხოვეს, უთხრეს, რომ პირად ელექტრონულ მისამართზე მიიღებდნენ, თუმცა კონტრაქტის გარეშე 20 მაისს თურქეთში გამგზავრება შესთავაზეს:

„2-ის ნახევარზე ჩვენ უკვე თურქეთში, სარფთან ვიყავით, საზღვარზე. იქ არავინ დაგვხვდა. კომპანიის წარმომადგენელს დავურეკეთ, მაგრამ არ გვიპასუხა. შემდეგ ტელეფონი გათიშა. დავურეკეთ თარჯიმანს, რომელმაც ოფისში დაგვიბარა. ოფისში მისულებს სხვა მეზღვაურები დაგვხვდნენ და მივხვდით, რომ თაღლითობასთან გვაქვს საქმე. თარჯიმანმა გვითხრა, რომ თურქი გაქრა და ამის შესახებ პოლიციას შეატყობინა, რადგან თავადაც მოატყუეს, მაგრამ მე არ მჯერა მისი. პირველი ნაოსნობა იყო, ამიტომ მოვტყუვდით“, - ამბობს მეზღვაურის ცოლი.

რა უნდა ქნან მეზღვაურებმა იმისათვის, რომ „ღირსეულად დასაქმდნენ“?

მეზღვაურები, რომლებიც თაღლითობის მსხვერპლად მიიჩნევენ თავს, ძირითადად გამოუცდელები არიან. მათი უმრავლესობა შორეულ ნაოსნობაში პირველად სწორედ გაუჩინარებული დამსაქმებლის დახმარებით აპირებდა გამგზავრებას. ამ საქმეს დღეს ბათუმში გამოეხმაურა საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორი თამარ იოსელიანი და მოუწოდა ყველა მეზღვაურს, რომ ვიდრე დამსაქმებელთან კონტრაქტს მოაწერენ ხელს, სააგენტოს დაუკავშირდნენ და გაიარონ უფასო იურიდიული კონსულტაცია.

ბათუმის პორტი
ბათუმის პორტი

„ყველა ტიპის ინფორმაცია დასაქმებასთან დაკავშირებით უნდა გადაამოწმონ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოში. მუშაობს ცხელი ხაზი. ჩვენ ასევე პანდემიის გამო დახმარებას ვუწევთ მეზღვაურებს საზღვრის კვეთის მიმართებაში და ვამოწმებთ ყველა ხელშეკრულებას. ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ჩვენი ინფორმირება მეზღვაურებისგან არ მომხდარა. ერთადერთი ზარი იყო შემოსული და იკითხეს, თუ იყო გადმოგზავნილი ამ კომპანიისგან ინფორმაცია საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით. დავუდასტურეთ, რომ ჩვენთან ეს ინფორმაცია, სამწუხაროდ, არ ყოფილა. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მეზღვაურებს, ისარგებლონ ჩვენი კონსულტაციით და გადაამოწმონ ყველა ინფორმაცია, იმისთვის რომ ღირსეულად დასაქმდნენ“, - ამბობს თამარ იოსელიანი.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხელმძღვანელის ამ მოწოდებაზე პოლიციაში გამოკითხვაზე მისული ახალგაზრდა მეზღვაურების ნაწილი ამბობდა, რომ სწავლის დასრულების შემდეგ შორეულ ნაოსნობაში დასაქმება იმდენად რთულია, რომ ახალგაზრდები მარტივ გზებს ეძებენ. ამიტომ ხშირად თაღლითი დამსაქმებლების მსხვერპლნი ხდებიან. 23 წლის მეზღვაურმა რადიო თავისუფლებას უთხრა, რომ სწავლის შემდეგ, სამი წელია, დასაქმება პროფესიით ვერ შეძლო. ამიტომ თურქული კომპანიის წარმომადგენელს, რომელმაც მარტივად დასაქმება შესთავაზა, 700 ამერიკული დოლარი გადაუხადა, მან კი მოატყუა:

„ელექტრომექანიკოსი ვარ და პირველად წასვლა რთულია. მირჩიეს, რომ პირველად თურქული კომპანიით წავსულიყავი. ბევრ კომპანიაში მაქვს დატოვებული ჩემი საბუთები, მაგრამ ყველგან ითხოვენ გამოცდილებას. ითხოვენ ენების ცოდნას. სამი ენა ვიცი, მაგრამ ყველა წვალობს - პირველად წამსვლელიც და დამწყები მეზღვაურებიც, მხოლოდ ორი ან სამი კონტრაქტი რომ აქვთ. მარტივ გზას ვეძებთ, იმიტომ რომ დიდი თანხებია გადასახდელი და არანაირი გასაქანი არ გვაქვს. ან უნდა იყო მაღალჩინოსნის ახლობელი, რომ ნორმალურად დასაქმდე. შენით მიღწევას კიდევ დრო და გამოცდილება სჭირდება. მე 23 წლის ვარ, ორი წლის შვილით ვცხოვრობ ნაქირავებში. ვმუშაობდი ავტოსამრეცხაოში, ოჯახი რომ მერჩინა. რთულია, რა, ცხოვრება“, ამბობს 23 წლის მეზღვაური, რომელსაც არ აქვს იმედი, რომ გამოძიების დასრულების შემდეგ დასაქმებაში გადახდილ თანხას დაიბრუნებს, თუმცა სჯერა, რომ დამნაშავეები დაისჯებიან.

საქართველოს შსს-ს ინფორმაციით, მეზღვაურების საქმეზე გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე, თაღლითობის, მუხლით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG