Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

კუჭავა: პარლამენტი გამოაცხადებს კონკურსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შესავსებად


კახა კუჭავა
კახა კუჭავა

უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამენტი გამოაცხადებს კონკურსს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვაკანტური ადგილების შესავსებად, მიუხედავად ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და არასამთავრობო ორგანიზაციების შენიშვნებისა. ამას მეტყველებს პარლამენტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას საპასუხო წერილი, რომელიც მან გაუგზავნა აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს და ევროკავშირის ელჩ კარლ ჰარცელს.

მანამდე ელჩებმა კუჭავას მიმართეს ღია წერილით და შეახსენეს მას იმ პარტიების მიერ ნაკისრი ვალდებულებები, რომლებმაც 19 აპრილს მოაწერეს ხელი კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე შეთანხმებას. შეთანხმების ერთ-ერთი მთავარი პუნქტია სასამართლო სისტემის ფუნდამენტური რეფორმა.

დეგნანმა და ჰარცელმა განაცხადეს, რომ საკანონმდებლო ცვლილებები უნდა განხორციელდეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრების დანიშვნამდე. ამავე დროს მათ მხარი დაუჭირეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესის შეჩერებას. ელჩებმა აღნიშნეს, რომ ეს იქნება „სასამართლო სისტემის გამჭვირვალობისადმი ჭეშმარიტი ერთგულების“ დემონსტრირება.

საპასუხო წერილში კუჭავა პირობას დებს, რომ პარლამენტი სასამართლო ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ყველა გადაწყვეტილებას მიიღებს კონსტიტუციის, კანონმდებლობის, ხელმოწერილი შეთანხმებისა და დამოუკიდებლობის პრინციპის საფუძველზე. ამასთან, პარლამენტის სპიკერი შენიშნავს, რომ შეთანხმებაში მითითებული რეფორმის რეალიზაციის ვადა 2022 წლის მეორე კვარტლის ბოლოა.

26 მაისს მოსამართლეთა კონფერენციაზე აირჩევენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ოთხ ახალ წევრს. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები კონფერენციის გადადების მოწოდებით გამოდიან. სამოქალაქო სექტორის წარმომადგენელთა თქმით, სასამართლო სისტემის ამბიციური რეფორმის გატარების გარეშე კანდიდატებს არ ექნებათ „მაღალი საზოგადოებრივი და პროფესიონალური ნდობა და ლეგიტიმურობა“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG