Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამირან გამყრელიძე: "ასტრაზენეკა" და "სინოფარმი" შემოვა ივნისში, "ფაიზერი" - მესამე კვარტალში


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ამჟამად საქართველოს აქვს კოვიდინფექციის საწინააღმდეგო სხვადასხვა ვაქცინის დაახლოებით 200 000 დოზა. ამ დროისთვის საქართველოში გაკეთებულია 117 000-ზე მეტი აცრა. მათგან ორივე დოზით ვაქცინირებულია 17 000-მდე ადამიანი.

გამყრელიძის თქმით, სასურველია, რომ ამჟამინდელი მარაგი - 200 000 დოზა გამოყენებული იყოს მაისსა და ივნისში, ამისთვის კი, აცრის დღიური მაჩვენებელი უნდა ავიდეს 6 ათასზე.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ მარტში აცრის საშუალო დღიური მაჩვენებელი იყო 462, აპრილში - 1294 და მაისში - 3427.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანახმად, თუ უკვე გაკეთებულ აცრებს ივნისის ბოლოსთვის დაემატება დღეს არსებული 200 000 დოზით ვაქცინაცია, სამიზნე აცრების მაჩვენებელი 10% გახდება და ამ ეტაპისთვის კარგი მონაცემი იქნება.

ამირან გამყრელიძის განცხადებით, ივნისი, ივლისი, აგვისტო და სექტემბერი უნდა იყოს ინტენსიური აცრის პერიოდი. მისი ინფორმაციით, 15 ივნისამდე ქვეყანაში საერთაშორისო კოვაქს-პლატფორმით უნდა შემოვიდეს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის დაახლოებით 43 000 დოზა, ხოლო ივნისის ბოლოს, ან ყველაზე გვიან ივლისის პირველ რიცხვებში, საქართველო მიიღებს „სინოფარმის“ 500 000 დოზას. რაც შეეხება „ფაიზერის“ ვაქცინას, ამირან გამყრელიძის განცხადებით, „კონტრაქტი დასრულების პირას არის“ და მესამე კვარტალში თანდათანობით უნდა შემოვიდეს მილიონი დოზა. გამყრელიძის ინფორმაციით, პარალელურად მოლაპარაკება მიმდინარეობს „სინოვაკსა“ და „ნოვავაქსთან“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის თანახმად, საქართველომ კოვაქს-პლატფორმის მეშვეობით უნდა მიიღოს 1 400 000 დოზა და აქედან დღემდე მიღებულია 115 000. როგორც ამირან გამყრელიძე განმარტავს, ე.წ. მასობრივი იმუნიზაციისა და დღეში 10 000-დან 15 000-მდე ადამიანის ასაცრელად საჭიროა, რომ ყოველი თვის დასაწყისში, მარაგში იყოს ვაქცინების ნახევარი მილიონი დოზა.

საქართველოში კოვიდინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, პირველ ეტაპზე ბრიტანულ-შვედური „ასტრაზენეკას„ და ამერიკული „ფაიზერის“ ვაქცინებით, რომლებსაც შემდეგ დაემატა ჩინური „სინოფარმის“ და „სინოვაკის“ ვაქცინები. 24 მაისის ჩათვლით გაკეთებულია 117 354 აცრა. მათგან ორივე დოზით აცრილია 16 864 ადამიანი.

XS
SM
MD
LG