Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლევან ვასაძე ამბობს, რომ არ აფინანსებს "ნამახვანჰესის" მოწინააღმდეგეთა აქციას


ბიზნესმენი ლევან ვასაძე აცხადებს, რომ ის არ აფინანსებს "ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციას. ამ საკითხზე მას კითხვა ბრიფინგზე დაუსვეს.

"საჯაროდ ვადასტურებ, რომ არავითარი კავშირი რიონის ხეობის მოსახლეობის პროტესტის ორგანიზებასთან, დაფინანსებასთან ჩემი მხრიდან არ არსებობს, არცერთი დოკუმენტი, არცერთი დასტური ამ ჭორების არ არსებობს. მე, უბრალოდ, საჯაროდ გამოვხატე ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ჩვენი ადგილობრივი მოსახლეობის სრულიად სამართლიანი პროტესტის მიმართ", - თქვა ვასაძემ.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეთა მიერ თბილისში აქციების გამართვის დაწყების შემდეგ არაერთი კითხვა დაისვა ფინანსების მოძიებასთან დაკავშირებით. აქციაზე ლევან ვასაძის გამოჩენის შემდეგ კი ერთ-ერთ ვერსიად მისი მხრიდან აქციის დაფინანსება განიხილებოდა.

ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადმოინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობენ, რომ თუ არ შესრულდება მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებიან.

"ნამახვანჰესის" მშენებლობის მოწინააღმდეგეები დღეს, 25 მაისს თბილისის ქუჩების პიკეტირებას გეგმავენ.

"არ გავჩერდებით იქამდე, სანამ არ მივაღწევთ შედეგს, რაც არ უნდა დაღლა ვიგრძნოთ, მთავარია, რომ ბოლომდე გავიყვანოთ ეს ბრძოლა. ხელისუფლება მუდმივად ფიქრობს ერთ რამეს, როდემდე შეძლებს ეს ხალხი ამ ფორმით იბრძოლოს, როდემდე გაართმევს თავს. ჩვენ უკვე 210 დღეა ვიბრძვით და ვიბრძოლებთ იქამდე, ვიდრე არ მივიღებთ შედეგს. ამ სამართლიან და გულწრფელ ბრძოლას, ვფიქრობ, რომ აჰყვება დედაქალაქი. ჩვენ ხვალ 4 საათზე ვაჩვენებთ გაცილებით დიდ ძალას, ვიდრე ვართ დღეს წარმოდგენილი. გაცილებით უფრო მეტნი ვიქნებით, დავიძრებით და გადავკეტავთ მნიშვნელოვან ადგილებს", - თქვა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა.

XS
SM
MD
LG