Accessibility links

site logo site logo

მოსამართლე გვრიტიშვილის თქმით, სასამართლოში კლანის არსებობაზე ბრალდება უსაფუძვლოა


იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრისა და მოსამართლის, დიმიტრი გვრიტიშვილის თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მოქალაქეების ბრალდება სასამართლოში კლანის არსებობაზე, უსაფუძვლოა. ასე გამოეხმაურა მოსამართლე მოსამართლეთა კონფერენციის დაწყებამდე გამართულ აქციას, სადაც მოქალაქეები მოსამართლეობისგან დამოუკიდებლობას ითხოვდნენ.

"დღეს რა პროცედურაც ტარდება და, საბოლოო ჯამში, რა კონკურსებიც ჩატარებულა მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, ყოველთვის ასეთი ზეწოლის პირობებში გვიწევდა... მოქმედი კანონმდებლობიდან, ჩემი უფლებამოსილების დონიდან გამომდინარე შეიძლება მივიჩნიოთ, რომ ვარ გავლენიანი პირი - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი. მე და ჩემი კოლეგები ვწყვეტთ მნიშვნელოვან საკითხებს სისტემაში. ჩვენ არაფორმალური გავლენა კი არ გვაქვს, ლეგალური, აბსოლუტურად კანონიდან გამომდინარე გვაქვს გავლენა", - თქვა მოსამართლე გვრიტიშვილმა.

თბილისში იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეთა კონფერენციის გასაპროტესტებლად აქცია იმართება. მოქალაქეები მოითხოვენ გადაიდოს იმ ოთხი მოსამართლის არჩევა, რომლებიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში - სასამართლოს სისტემის მმართველ რგოლში იმუშავებენ.

საერთაშორისო პარტნიორების გარდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ახალი წევრების სადავო დანიშვნის გადავადებას მოითხოვენ არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, პოლიტიკოსები და სხვა საზოგადოებრივი ჯგუფები. ამ ნაჩქარევ პროცესში ისინი „სასამართლო კლანის“ გაძლიერების მცდელობასა და დამოუკიდებელი სასამართლოს მომავლის დამუხრუჭებას ხედავენ. პარლამენტში აცხადებენ, რომ პროცესი ვერ მოიცდის სასამართლო სისტემის პარალიზების საფრთხის გამო.

დიპლომატები იუსტიციის საბჭოს წევრებისა და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის შეჩერებას პარტიების მიერ 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით - ე.წ. შარლ მიშელის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესაბამისად ითხოვდნენ.

  • 19 აპრილის შეთანხმება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს „სიღრმისეულ რეფორმასა“ და კანონმდებლობის სრულყოფამდე ახალი დანიშვნების შეჩერებას ითვალისწინებს.
  • 19 აპრილის შეთანხმებაში წერია, რომ კანონპროექტი 1 ივლისამდე გაიგზავნება ვენეციის კომისიაში, დასკვნის მისაღებად და პირველი კენჭისყრა პარლამენტის 2021 წლის საშემოდგომო სესიაზე უნდა გაიმართოს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG