Accessibility links

site logo site logo

ევროკავშირი ბელარუსს საჰაერო იზოლაციაში აქცევს


ავიაკომპანია “Belavia-ს” თვიმფრინავი, რომელიც მინსკიდან ბარსელონაში მიფრინავდა, წრეებს არტყამდა პოლონეთის საზღვართან, რადგან ევროკავშირის საჰაერო ტერიტორიაზე არ უშვებდნენ.

ვებ-გვერდ Flightradar-ის ეს სქრინი დღეს Twitter-ზე მიმად იქცა.

"ევროპა მოქმედებაშია"

მთელი დღის მანძილზე, ინტერნეტმომხმარებლები აკვირდებოდნენ, თუ რამდენად სრულდება ევროკავშირის მოწოდება, შეწყდეს საჰაერო მიმოსვლა ბელარუსთან.

25 მაისს ევროკავშირმა ბლოკის ავიაგადამზიდებს დაბეჯითებით ურჩია, თავი აარიდონ ბელარუსის საჰაერო სივრცეში შესვლას. ამასთან, ბელარუსის ავიაკომპანიებს ეკრძალებათ ევროკავშირის საჰაერო სივრცითა და აეროპორტებით სარგებლობა.

ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, საფრანგეთი, ფინეთი და ჩეხეთი უკვე თანახმანი არიან. ბლოკს მიღმა, ამის მზაობა გამოთქვეს დიდმა ბრიტანეთმა და უკრაინამ. კონტინენტს მიღმა - კანადამ.

რამდენიმე ავიაკომპანიამ, მათ შორის: RyanAir-მა, WizzAir-მა, Air France-მა, Finnair-მა, Singapore Airlines-მა და LOT Airlines-მა განაცხადეს, რომ წყვეტენ რეისებს ბელარუსის მიმართულებით და აღარც ქვეყნის თავზე იფრენენ.

პოლონური ავიაკომპანია LOT Airlines-ის რეისი მოსკოვი-ვარშავა
პოლონური ავიაკომპანია LOT Airlines-ის რეისი მოსკოვი-ვარშავა
ავიაკომპანია Wizzair-ის რეისი "კიევი-ტალინი"
ავიაკომპანია Wizzair-ის რეისი "კიევი-ტალინი"

"ევროპა მოქმედებაშია" - ასე გამოეხმაურა ავიაგადამზიდების გადაწყვეტილებას ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი.

თუმცა ევროპელთა აღშფოთებას ყველა არ იზიარებს. "რადიო თავისუფლების" ბელარუსის სამსახურის ცნობით, ქვეყნის თავზე ჩვეულებრივად დაფრინავენ სამგზავრო თვითმფრინავები რუსეთიდან, ჩინეთიდან, ყაზახეთიდან, მოლდოვადან, სერბეთიდან, თურქეთიდან, უზბეკეთიდან, ინდოეთიდან და მოროკოდან. ქვეყნის საჰერო სივრცეში ასევე შენიშნეს ამერიკული ლოგისტიკური კომპანიების UPS-ისა და FedEx-ის და გერმანული DHL-ის სატვირთო თვითმფრინავები.

თვითმფრინავის გატაცება

ამ ფონზე, ევროპის საავიაციო უსაფრთხოების სააგენტო (EASA) ასევე მოუწოდებს ევროპულ ავიაკომპანიებს მოერიდონ ბელარუსის ავიასივრცეს. საუბარია როგორც პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე, ისე ტრანზიტზეც. გამონაკლისი მხოლოდ გამოუვალ და სიცოცხლისთვის სახიფათო შემთხვევებში დაიშვება.

EASA-ს რეკომენდაცია ძალაში იქნება სულ ცოტა მანამ, სანამ არ დასრულდება 23 მაისს მომხდარი ინციდენტის საერთაშორისო გამოძიება.

“ბელარუსის მიერ განხორციელებული ქმედებები ფრენის უსაფრთხოებისთვის მზარდი რისკის შექმნის ტოლფასია. ისინი ეჭვქვეშ აყენებს ბელარუსის უნარს, უზრუნველყოს უსაფრთხო საჰაერო ნავიგაცია” - ნათქვამია EASA-ს დოკუმენტში.

სამი დღის წინ ლუკაშენკას რეჟიმმა ირლანდიური ავიაკმომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი აიძულა, მინსკში დაშვებულიყო. მიზეზად ბორტზე ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობა დასახელდა. ათენი-ვილნიუსის რეისი მინსკის აეროპორტამდე ავაიაგამანადგურებელმა მიაცილა. დაჯდომისთანავე, ბელარუსმა სამართალდამცავებმა დააკავეს ბორტზე მყოფი ოპოზიციონერი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი სოფია საპეგა.

პრატასევიჩი ტელეგრამ-არხ NEXTA-ს ყოფილი რედაქტორია. NEXTA ბელარუსში განსაკუთრებით პოპულარული 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ გახდა. ისინი აქტიურად აშუქებდნენ არჩევნების დროს მომხდარ მასობრივ დარღვევებს, საპროტესტო აქციებსა და დემონსტრატების წინააღმდეგ პოლიციის სისასტისკეს.

ქვეყანაში, სადაც რეჟიმი სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას მკაცრად ებრძვის, NEXTA ასიათასობით ადამიანისთვის ინფორმაციის ალტერნატიულ წყაროდ იქცა.

ევროკავშირში მინსკის ვერსიას ტერორისტული საფრთხის თაობაზე, სკეპტიკურად უყურებენ. ბრიუსელში იზიარებენ რეჟიმის მოწინააღმდეგეების ეჭვებს, რომ ლუკაშენკამ უბრალოდ პრატასევიჩის დაკავება გადაწყვიტა და ბომბის ისტორია შეთხზა.

ევროპელმა დიპლომატებმა უკვე შეაფასეს მინსკის ქმედებები „სახელმწიფოს მიერ გატაცებად“ და „სახელმწიფო მეკობრეობად“.

ახალი სანქციები და საქართველოს რეაქცია

თუმცა ყველაფერი საჰაერო იზოლაციიით არ შემოიფარგლება და ევროკავშირი გეგმავს სხვა სანქციების შემოღებასაც.

ჯერ კიდევ პრატასევიჩის დაპატიმრებამდე, ბრიუსელს მინსკის წინააღმდეგ უკვე ჰქონდა შემოღებული სანქციების სამი პაკეტი. მიდიოდა მუშაობა მეოთხე პაკეტის შინაარსზეც. “სახელმწიფო საჰაერო მეკობრეობის” შემდეგ, ევროპელმა დიპლომატებმა გადაწყვიტეს, რომ საჭიროა კიდევ უფრო მკაცრი ზომები.

სანქციების დეტალები ჯერ უცნობია. ინციდენტამდეც წერტილოვანი ფინანსური სანქციების დაწესება უკვე იგეგმებოდა პირადად ლუკაშენკას, მისი შვილის და უახლოეს გარემოცვაში შემავალი კიდევ 86 პირის წინააღმდეგ. ეკონომიკური ბერკეტების გამოყენება იგეგმებოდა ასევე 7 სახელმწიფო კომპანიის წინააღმდეგაც.

როგორც “რადიო თავისუფლების” წყარო იუწყება, ახლა სია გაფართოვდება და მასში შევა ყველა ის ადამიანი თუ უწყება, ვინც კავშირში იყო “თვითმფრინავის გატაცებასთან”.

წყაროს მტკიცებით, ამჟამად ევროპელი დიპლომატები დეტალებზე მსჯელობენ, გადაწყვეტილება გასაჯაროვდება ივნისის ბოლოს და სანქციები მალევე ამოქმედდება.

რას აპირებს საქართველო? ამ დროისთვის საქართველოდან ბელარუსის მიმართულებით ფრენები თბილისიდან და ბათუმიდან სრულდება. ორ ქვეყანას შორის პირდაპირ ფრენებს "ბელავია" ახორციელებს.

“რადიო თავისუფლებამ” "სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს" ჰკითხა, მიიღეს თუ არა მთავრობისგან მითითება ბელარუსის მიმართულებით ფრენების აკრძალვის თაობაზე. პასუხი ასეთი იყო: "ვერ გავაკეთებთ ამ თემაზე კომენტარს, აღემატება ჩვენს კომპეტენციას".

ამავე საკითხზე რადიო თავისუფლებამ ეკონომიკის სამინისტროსაც მიმართა. კომენტარს მეორე დღეა ველოდებით.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG