თბილისიდან წასვლის შემდეგ „რიონის ხეობის მცველებმა“ სამოქმედო გეგმა გუმათის დასახლებაში გამოაცხადეს, რომელიც ქუთაისს ეკუთვნის.
ნამახვანჰესის მშენებლობის საწინააღმდეგო მოძრაობის წარმომადგენელმა ვარლამ გოლეთიანმა თქვა, რომ რიონის ხეობისკენ მიმავალი გზა გადაიკეტება სწორედ, გუმათის დასახლებასთან. აქციის მონაწილეები მხოლოდ კომპანია „ენკა“-ს ავტომანქანებს არ გაატარებენ. გარდა ამისა, ისინი გადაკეტავენ რიონის ხეობისკენ მიმავალ მეორე გზას. გოლეთიანმა ასევე თქვა, რომ გადაიკეტება ქუთაისიდან რაჭისკენ მიმავალი გზა, იმისთვის, რომ კომპანიამ არც ამ მიმართულებით ისარგებლოს.
ამჟამად გუმათის დასახლებასთან გაშლილ კარვებში რჩება აქციის მონაწილეთა ნაწილი, თავად ვარლამ გოლეთიანი და თბილისიდან დაბრუნებული „რიონის ხეობის მცველები“ სოფელი გუმათისკენ ფეხით მიდიან, სადაც პოლიციამ გზა რკინის კორონით გადაკეტა.
ჰესის მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქციამ რიონის ხეობიდან თბილისში კვირას, 23 მაისს გადაინაცვლა. აქციის ორგანიზატორები ამბობდნენ, რომ თუ არ შესრულდებოდა მათი მოთხოვნები, თბილისის ქუჩების პარალიზებას შეეცდებოდნენ. მანამდე 200-ზე მეტი დღის განმავლობაში ისინი აქციას რიონის ხეობაში მართავდნენ. 26 მაისს აქციის მონაწილეები რიონის ხეობაში დაბრუნდნენ.
დაწერეთ კომენტარი