Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამყრელიძე: ხუთიდან ორი - ინდური შტამით საქართველოს მოქალაქეა


დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, ხუთ ადამიანს, მათ შორის, საქართველოს სამ მოქალაქეს, რომლებსაც დღეს ე.წ. ინდური შტამის კორონავირუსი დაუდასტურდათ, ერთ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვთ.

საუბარია შუა აღმოსავლეთის ერთ-ერთ ქვეყანაზე, რომელიც ამირან გამყრელიძეს არ დაუსახელებია. ისინი საქართველოში მაისის შუა რიცხვებში შემოვიდნენ და ვირუსი მხოლოდ შემოსვლის შემდგომ დაუდასტურდათ.

სამმა უცხოელმა უკვე დატოვა საქართველო, ხოლო საქართველოს 2 მოქალაქე ამ ეტაპზე იზოლირებულია და დაკვირვების ქვეშაა.

გამყრელიძის განცხადებით, მათი კონტაქტები გამოკვლეულია,ისევე როგორც შესწავლილია უცხოელების გადაადგილების ტრაექტორია.

კითხვაზე, მეტად საშიშია თუ არა ე.წ. ინდური შტამი, ამირან გამყრელიძე პასუხობს, რომ არ უნდა დავპანიკდეთ - მისი სიტყვებით, ის, რაც ბრიტანულ და ინდურ შტამებს განასხვავებს, არის ის, რომ ისინი უფრო მარტივად გადადის. თუმცა, მისივე სიტყვებით, დღეს მოქმედი ვაქცინები ფარავენ კორონავირუსის ყველა არსებულ შტამს.

ე.წ. ინდური შტამით დაინფიცირებული პირების ყველა კონტაქტი ამ ეტაპზე გამოკვლეულია, საუბარია ერთეულებზე - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

მისი თქმით, დღეს ინდური შტამი მსოფლიოს 52 ქვეყანაში ცირკულირებს, მათ შორის, ევროპის 25 ქვეყანაშია უკვე დაფიქსირებული და გამორიცხული არ არის, რომ საქართველოშიც გავრცელდეს, მითუმეტეს, რომ უკვე არსებობს ვარაუდი, რომ მომავალ თვეებში ბრიტანულ შტამს დიდი ალბათობით ჩაანაცვლებს ინდური შტამი.

ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ამ ეტაპზე ქვეყანაში რაიმე დამატებითი ამკრძალავი წესების შემოღება არ იგეგმება, თუმცა უცვლელია წესები - პირბადე, აცრა, დისტანცია რჩება ვირუსის პრევენციის მთავარ გზად.

XS
SM
MD
LG