Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარიას გუნდს ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძეც უერთდება


ლევან დოლიძე
ლევან დოლიძე

ნატოში საქართველოს ყოფილი ელჩი ლევან დოლიძე ადასტურებს, რომ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას პოლიტიკურ გუნდს უერთდება. ჟურნალისტებთან კომენტარში იგი აცხადებს, რომ გიორგი გახარიას პოლიტიკური პარტიის დაფუძნებით ქვეყანაში ჩნდება შანსი იმისა, რომ პოლიტიკური სპექტრი არა რადიკალიზმსა და აგრესიაზე, არამედ იმ კონკრეტული პრობლემების გადაჭრაზე ფოკუსირდეს, რომლებიც ქვეყნის მოქალაქეებს აწუხებთ:

„მე დარწმუნებული ვარ, რომ გიორგი გახარიას და მისი პოლიტიკური გუნდის წარმატება იქნება ძალიან სასარგებლო როგორც ზოგადად პოლიტიკური სპექტრისთვის და პოლიტიკური გარემოსთვის, ასევე კონკრეტულად ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის. სწორედ ეს არის ის ძირითადი ფაქტორები, რამაც განაპირობა ჩემს მიერ ამ გადაწყვეტილების მიღება. ხოლო როგორი იქნება ჩემი როლი და მონაწილეობის ფორმა პროცესში, ბუნებრივია, ამას დრო გვიჩვენებს და უახლოეს მომავალში გაიგებთ“, - განაცხადა ლევან დოლიძემ.

ლევან დოლიძე ნატოში საქართველოს ელჩის პოსტს 2013-2015 წლების განმავლობაში იკავებდა. იგი თანამდებობიდან „თავისუფალი დემოკრატების“ მიერ „ქართული ოცნების“ კოალიციის დატოვების შემდეგ გადადგა. პოსტის დატოვების შემდეგ მან დააფუძნა „საქართველოს უსაფრთხოებისა და განვითარების ცენტრი“(GCSD).

ლევან დოლიძე ნატოში საქართველოს წარმომადგენლის, ვიქტორ დოლიძის ძმაა. ვიქტორ დოლიძემ, როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა, პარტიის "ქართულ ოცნებასთან" დაპირისპირების შემდეგ ასევე დატოვა მმართველი კოალიცია, თუმცა მოგვიანებით, მას შემდეგ, რაც პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ალასანია პოლიტიკიდან წავიდა, კვლავ განაგრძო "ქართული ოცნების" რიგებში საქმიანობა. 2016-2017 წლებში იგი იყო საქართველოს სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში, მოგვიანებით, 2018-2020 წლებში კი, ჟენევაში გაეროს განყოფილებებსა და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივი წარმომადგენელი.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხვალ, 29 მაისს პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოსთვის" აფუძნებს. კონფერენცია 17:00 საათზე თბილისში, "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართება.

გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამდე დატოვა. თქვა, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდთან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG