Accessibility links

site logo site logo

ირაკლი კობახიძე: გახარიას ფაქტორი გავლენას ვერ მოახდენს ჩვენს საარჩევნო შედეგზე


ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, გიორგი გახარიას ფაქტორი მმართველი პარტიის საარჩევნო შედეგზე ვერავითარ გავლენას ვერ მოახდენს და ეს საკითხი პარტიისთვის აქტუალური არ არის.

„რაიმე მიზერული გავლენა შეიძლება მოახდინოს, მაგრამ პრინციპულად ჩვენს საარჩევნო მიზანს მივაღწევთ და ამას არ ექნება არათუ განმსაზღვრელი, არამედ რაიმე ფორმის არსებითი მნიშვნელობაც კი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

ჟურნალისტებთან გიორგი გახარიას გუნდის შანსებზე საუბრისას მან თქვა, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის რეიტინგს მმართველ პარტიასთან კავშირი განსაზღვრავდა, ახლა კი სურათი არსებითად შეცვლილია:

„თავის დროზე ჩვენ ბევრი რამ გავაკეთეთ იმისათვის, რომ შექმნილიყო ეს რეიტინგი. ჩვენს გარდა სხვებიც აკეთებდნენ ამას. საბოლოო ჯამში, ეს რეიტინგი შეიქმნა, თუმცა ეს რეიტინგი იყო არსებითად დაკავშირებული მმართველ ძალასთან. ის იყო პრემიერ-მინისტრი „ქართულ ოცნებაში“ და აქედან გამომდინარე, ბუნებრივია, ეს ფაქტორი არსებითად განსაზღვრავდა ამ რეიტინგს. ახლა შეგვიძლია, ეს რეიტინგები გადავამოწმოთ და ვნახავთ, რა არის სურათზე. ჩვენ გვაქვს ეს სურათი და მინდა გითხრათ, რომ სურათი არის არსებითად შეცვლილი“, - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მიზანი ახლა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებაა და გიორგი გახარია მასზე გავლენას ვერ მოახდენს:

„გახსოვთ, გასული 7 არჩევნები როგორ დასრულდა "ქართული ოცნების" სასარგებლოდ. ამ შემთხვევაშიც ეს ამოცანა გვაქვს და ამ მიზანს აუცილებლად მივაღწევთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისი თქმით, „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებში ხმების 43%-ის აღებისთვის იბრძოლებს და გახარიას გუნდი მას ხმებს ვერ წაართმევს:

„შეიძლება ჰქონდეს მიზანი ამ გუნდს, რომ რაღაც ჩამოგვაკლოს, მაგრამ ჩვენი საარჩევნო მიზანი აუცილებლად შესრულდება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია ხვალ, 29 მაისს პოლიტიკურ გაერთიანებას "საქართველოსთვის" აფუძნებს. კონფერენცია 17:00 საათზე თბილისში, "ექსპო-ჯორჯიაში" გაიმართება.

გახარიამ პრემიერის თანამდებობა და მმართველი პარტია "ქართული ოცნება" 18 თებერვალს, "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავების სპეცოპერაციამდე დატოვა. თქვა, რომ ამ საკითხზე მმართველ გუნდთან განსხვავებული პოზიცია ჰქონდა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG