Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლიეტუვა აძევებს ორ ბელარუს დიპლომატს, თვითმფრინავის სკანდალის ფონზე


ლიეტუვა აცხადებს, რომ ქვეყნიდან აძევებს ორ ბელარუს დიპლომატს, რომლებსაც ბრალი ედებათ "მათ დიპლომატიურ სტატუსთან შეუთავსებელი" ნაბიჯების გადადგმაში. ლიეტუვის გადაწყვეტილების ფონია საერთაშორისო სკანდალი, რომელიც მოჰყვა ბელარუსის მიერ ვილნიუსისკენ მიმავალი თვითმფრინავის იძულებას, მინსკში დაფრენილიყო, და შემდეგ ბორტზე მყოფი ბელარუსი დისიდენტი ჟურნალისტის დაკავებას.

ვილნიუსში ბელარუსის საელჩოს ორ თანამშრომელს შვიდი დღე მისცეს ქვეყნის დასატოვებლად, - იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო 28 მაისს.

საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება ასევე არის "სოლიდარობის გამოცხადება" ლატვიისთვის, რომლის საელჩოს მთელი შემადგენლობა გაძევებულ იქნა ბელარუსიდან.

მინსკის ეს ნაბიჯი იყო პასუხი ლატვიის ხელისუფლების მიერ მიმდინარე კვირაში ბელარუსის დროშის ჩამოხსნაზე რიგაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატიდან ჰოკეიში, და მისი იმ დროშით შეცვლაზე, რომელსაც ბელარუსის ოპოზიცია იყენებს.

23 მაისს ბელარუსის ხელისუფლებამ აიძულა ავიაკომპანია Ryanair-ის თვითმფრინავი, რომელიც საბერძნეთიდან ლიეტუვაში მიფრინავდა, გეზი მინსკისკენ შეეცვალა. მინსკის აეროპორტში დაჯდომის შემდეგ ბელარუსის სამართალდამცველებმა დააკავეს თვითმფრინავში მყოფი ჟურნალისტი რამან პრატასევიჩი და მისი მეგობარი ქალი, სოფია საპეგა.

საპასუხო ზომის სახით, ევროკავშირი განიხილავს ეკონომიკური სანქციების დაწესებას ბელარუსისთვის.

ავტორიტარ ლიდერს, ალიაქსანდრ ლუკაშენკას და მის მოკავშირეებს უკვე დაკისრებული აქვთ დასავლეთის სანქციები, სასტიკი რეპრესიების გამო მასობრივი დემონსტრაციების მონაწილეების წინააღმდეგ. საპროტესტო დემონსტრაციები მოჰყვა კამათის საგნად ქცეულ, 2020 წლის აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს, რომლის შედეგადაც ლუკაშენკა მეექვსე ვადით გამოცხადდა პრეზიდენტად.

XS
SM
MD
LG